გურჯაანში ახალი საწარმო ყველა სახის ატამს ჩაიბარებს

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულთან კახეთის რეგიონში ირაკლი ქადაგიშვილთან და გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატ დავით სონღულაშვილთან ერთად , გურჯაანის მუნიციპალიტეტში ხილის გადამამუშავებელი კომპანიების წარმომადგენლებს, ექსპორტიორებსა და ფერმერებს შეხვდა.

როგორც  სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურიდან იუწყებიან, შეხვედრაზე ატმის სეზონის აქტიურ ფაზაში შესვლასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ყველა წინაპირობაა შექმნილი იმისათვის, რომ წელს ატმის მოსავლის აღებამ და დაბინავებამ ორგანიზებულად ჩაიაროს.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები სრულად არიან მობილიზებული, რათა შეუფერხებლად და ორგანიზებულად მოხდეს ატმის მოსავლის დაბინავება. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით. ივლისიდან რეგიონში ამოქმედდება თანადაფინანსების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შექმნილი ახალი საწარმო, რომელიც ყველა სახის, როგორც სასურსათო, ისე სამრეწველო ატამს ჩაიბარებს, რაც გლეხს პროდუქციის რეალიზაციას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს. ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, გამარტივებულია საექსპორტო პროცედურები“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით გამარტივებულია საექსპორტო პროცედურები. სურსათის ეროვნული სააგენტო და შემოსავლების სამსახური „ერთი ფანჯრის პრინციპით“ გასცემენ ფიტოსანიტარიულ და წარმოშობის სერტიფიკატებს.

კომპანიების წარმომადგენლებთან, ექსპორტიორებთან და ფერმერებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გადამამუშავებელმა კომპანიებმა და ექსპორტიორებმა აღნიშნეს, რომ ატმის მოსავლის მისაღებად მზად არიან.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.