”ვიმედოვნებთ მშენებლებთან თავიდანვე ისე დაიდება ხელშეკრულებები, რომ ხმის იზოლაცია გათვალისწინებული იქნება”

პარლამენტმა ხმაურის შესახებ კანონპროექტი 83 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღო.

როგორც კანონპროექტის ავტორმა თედო კობახიძემ ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, კანონი 15 აგვისტოდან შევა ძალაში და მოსახლეობას ზღვარსგადაცილებული ხმაურის შემთხვევაში,  შესაძლებლობა ექნება 112-ში დარეკოს და საპატრულო ეკიპაჟი გამოიძახოს, რომელიც შესაბამისად იქნება აღჭურვილი და ხმაურის დეციბალებს გააკონტროლებს. მისივე თქმით, დადგენილ ზღვარს გადაჭარბებული ხმაურის პირველ შემთხვევაში სამართალდამრღვევი გაფრთხილებას მიიღებს, განმეორების შემთხვევაში კი დაჯარიმდება.

”ვფიქრობ, ეს ყველანაირად შემაკავებელი იქნება და უკვე შემოდგომის პერიოდში ეს საკითხი საქართველოს მასშტაბით დარეგულირდება. ის სეგმენტი, რომელთაც ხმაურზე ჰქონდათ თავიანთი ბიზნესი აგებული და მეზობელს არ უწევდნენ ანგარიშს, მათ უკვე მოუწევთ ჩაუწიონ დადგენილ ზღვარს გადაცილებულ ხმაურს ან შეიძინონ ტექნიკა და უზრუნველყონ შენობების იზოლაცია, რათა სხვა არ შეაწუხონ თავიანთი საქმიანობითა და ხმაურით. არა მხოლოდ მოქალაქეები, მთელი რიგი ბიზნესი, კერძო, მცირე ან თუნდაც მსხვილ სასტუმროებს მიეცემათ საშუალება, რომ კლიენტი არ გაექცეთ და სასტუმროებზე ჯავშნები არ მოხსნან. აქ ორი მიმართულება იყო - ბიზნესის ნაწილი ამბობდა, რომ შესაძლოა დაზარალებულიყვნენ, ნაწილის თქმით კი, ხმაური ხელს უშლიდა მათ ბიზნესს“, - აღნიშნავს თედო კობახიძე.

რაც შეეხება ღია კაფეებს, თედო კობახიძის თქმით, აქაც რიგ შემთხვევაში არ უნდა აყვირონ მუსიკა და სხვა გარე ფაქტორების შემთხვევაში კი არის ტექნიკური საშუალებები, რომელიც უზრუნველყოფს ხმის ისე დარეგულირებას, რომ ადგილობრივ მოსახლეობას დისკომფორტი არ შეუქმნას, - განაცხადა თედო კობახიძემ ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას.

კანონპროექტის ავტორის თქმით, ახალი ობიექტების მშენებლობისა და გახსნის მსურველებმა თავიდანვე უნდა გაითვალისწინონ ხმის იზოლაცია.

„ვიმედოვნებთ მშენებლებთან თავიდანვე ისე დაიდება ხელშეკრულებები, რომ თავდაპირველადვე იქნება გათვალისწინებული ხმის იზოლაცია. უმჯობესია, თუ ადამიანი ფართის კომერციულად გამოყენებას აპირებს, თავიდანვე მიიღოს ეს ზომები“, - განაცხადა კანონპროექტის ავტორმა თედო კობახიძემ.

პროექტის მიხედვით, მოქალაქეებს ხმაურისთვის თავდაპირველად გააფრთხილებენ, ხოლო მისი განმეორების შემთხვევაში ფიზიკურ პირებს 150 ლარით დააჯარიმებენ, იურიდიულ პირებს - 500 ლარით. სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში ფიზიკური პირი - 300 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი - 1000 ლარით.