2016 წელს, მძღოლებზე დაკისრებული საჯარიმო თანხის ოდენობამ 61 975 059 ლარი შეადგინა

2016 წელს საპატრულო პოლიციამ მძღოლებზე 1 174 178 საჯარიმო ქვითარი გამოწერა.

როგორც IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ორგანიზაციამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიიღო სტატისტიკური ინფორმაცია 2013-2016 წლებში საპატრულო პოლიციის მიერ მძღოლებისთვის გამოწერილი ჯარიმების შესახებ. მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით, ბოლო 4 წლის განმავლობაში საპატრულო პოლიციის მიერ მძღოლების/სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეების დაჯარიმების შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2016 წელს ფიქსირდება.

კერძოდ, სტატისტიკის თანახმად, 2016 წელს საპატრულო პოლიციამ საქართველოს მასშტაბით სულ გამოწერა 1,174,178 საჯარიმო ქვითარი, მაშინ, როდესაც 2015 წელს გამოწერილი იყო 1,454,100 საჯარიმო ქვითარი, 2014 წელს - 1,304,570, ხოლო 2013 წელს - 1,179,354.

აღსანიშნავია, რომ 2013-2016 წლებში, საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილ საჯარიმო ქვითრებს შორის, ვიდეო ჯარიმების წილი ყოველწლიურად მერყეობს 20-დან 25 პროცენტამდე.

2016 წელს, ვიდეო ჯარიმა გამოეწერა 281 475 სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რაც დაახლოებით 13 ათასი შემთხვევით ნაკლებია 2015 წელთან შედარებით.

2016 წელს, საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი საჯარიმო ქვითრების შესაბამისად, მძღოლებზე დაკისრებული საჯარიმო თანხის საერთო ოდენობამ 61 975 059 ლარი შეადგინა.

2013 წლის შემდეგ, მძღოლებზე დაკისრებული საჯარიმო თანხის საერთო ოდენობა ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიონი ლარით იკლებს. 2013 წლის შემდეგ, საჯარიმო თანხების საერთო რაოდენობა მნიშვნელოვნად იკლებს ვიდეო ჯარიმების შემთხვევაში უმეტესწილად, განპირობებულია 2014 წლიდან მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის განახევრებით.

2013-2016 წლებში, საპატრულო პოლიციის მიერ დაჯარიმებულ მძღოლთა რაოდენობის ზრდის ტენდენციები პირდაპირპროპორციულად არ აისახება დაკისრებული საჯარიმო თანხების ოდენობაზე. მაგალითად, დაჯარიმებულთა რაოდენობა 2013 წლიდან 2015 წლამდე ყოველწლიურად იმატებს, თუმცა მათზე დაკისრებული თანხების ოდენობა 2013 წლის შემდეგ ყოველწლიურად იკლებს. მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს 2015 წელთან შედარებით დაახლოებით 13 ათასით ნაკლებ ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს გამოეწერა ვიდეო ჯარიმა, საერთო საჯარიმო თანხა მაინც გაიზარდა 280 ათასი ლარით.