აქცია „ჩვენ მოვალთ თქვენთან“, ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ინიციატივითა და „საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ მხარდაჭერით, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
აქციის ფარგლებში ჩოხატაურსა და ლანჩხუთში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 100-მდე პირს მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება შემდეგი მიმართულებებით გაეწია: ნერვოპათოლოგია, რეაბილიტოლოგია, კარდიოლოგია, გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია და ექოსკოპია.
„საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ ექიმები - ნერვოპათოლოგი არჩილ ზაბახიძე, რეაბილოტოლოგი ცირა აბრამიშვილი, კარდიოლოგი მაია ხელაძე, გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი მირანდა ჯანხოთელი და ექოსკოპისტი ნატო ცოტაძე, სათანადო აპარატურით, თავად ჩავიდნენ ჩოხატაურსა და ლანჩხუთში და ყველა საჭირო კონსულტაცია თუ გამოკვლევა ადგილზე ჩაატარეს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კლინიკებამდე - კერძოდ კი, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრებამდე ტრანსპორტირების ხარჯები დეპუტატ ნინო წილოსანის ბიურომ სრულად დაფარა.
ლანჩხუთის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში შშმ პირთა უფასო სამედიცინო კონსულტაციებისა და გამოკვლევების მიმდინარეობას დეპუტატი ნინო წილოსანიც ადევნებდა თვალს.
„ყველა ადამიანისთვის უპირველესი საზრუნავი ჯანმრთელობაა. ბედნიერი ვარ, რომ დღეს ჩემს გურულებს ამ საზრუნავს ოდნავ მაინც ვუმსუბუქებ. მინდა, მადლობა გადავუხადო საჩხერის სამედიცინო ცენტრის ექიმებს მხარდაჭერისთვის. ეს დღე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმით, რომ სამედიცინო კვლევებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები გადიან. ხშირ შემთხვევაში, ბევრი მათგანისთვის გადაადგილება და ექიმამდე მისვლაც კი უდიდესი პრობლემაა და მიხარია, რომ ჩვენი დახმარებით დღეს მათ ეს პრობლემა მოეხსნათ. ჯანმრთელობას ვუსურვებ თითოეულ მათგანს,“ - აღნიშნა დეპუტატმა.
აქცია „ჩვენ მოვალთ თქვენთან“, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარის ნინო წილოსანის ბიუროს ორგანიზებით, მომავალშიც გაიმართება.