საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 15.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2017 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 15.7 მლრდ აშშ დოლარი (38.3 მლრდ ლარი) შეადგინა.

როგორც ეროვნული ბანკი იუწყება, აღნიშნული მაჩვენებელი ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 108.2 პროცენტია. მათი ინფორმაციით, 2017 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 188.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან ვალი საკურსო ცვლილებების გამო 148.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასის და სხვა ცვლილებების გამო შესაბამისად 24.1 და 51.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ამასთან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 34.6 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა.

უწყების ცნობით, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 6.7 მლრდ აშშ დოლარი (16.4 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 46.5 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 4.8 მლრდ აშშ დოლარი (11.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 32.9 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 198.1 მლნ აშშ დოლარი (484.3 მლნ ლარი; მშპ-ს 1.4 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად - 887.1 მლნ აშშ დოლარი (2.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.1 პროცენტი) და 876.2 მლნ აშშ დოლარი (2.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.1 პროცენტი).

აქვე აღსანიშნავია, რომ საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3.2 მლრდ აშშ დოლარი (7.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 22.3 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.9 მლრდ აშშ დოლარი (12.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 34.2 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.5 მლრდ აშშ დოლარი (6.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.5 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 93.6 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

”საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2017 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 9.7 მლრდ აშშ დოლარი (23.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 67.1 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.9 მლრდ აშშ დოლარია (9.4 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 26.7 პროცენტია.

2017 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 2.2 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 4.1 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო საკურსო ცვლილებების გამო ვალი 1.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 2017 წლის პირველი კვარტლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 198.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 195.4 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი”, - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.