2017 წლის 1-ელი ივლისიდან, მეწარმე ვალდებულია საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან რეკლამირების შემთხვევაში, ფასი ლარით მიუთითოს.
ცვლილებები რეკლამისა და ეროვნული ბანკის შესახებ კანონებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ლარიზაციის 10-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მომზადდა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ახორციელებს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილება მისი მიღებიდან 6 თვის შემდეგ, 1-ელ ივლისს ამოქმედდება. ექვსთვიანი პერიოდი მეწარმეებს მარკეტინგული აქტივობების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად მიეცათ.
საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო, ონლაინ და საჯარო სივრცეში ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირებისას ფასის ლარით დადების წესის დარღვევაზე, ადმინისტრირებას ფინანსთა სამინისტროს შემოსვლების სამსახური განახორციელებს.
საკანონმდებლო სიახლის მიზანი, საქონლის რეალიზაციის ან მომსახურების რეკლამირებისას, მომხმარებელთა ინტერესების დაცვაა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, წინადადების მიმცემის ან რეკლამის დამკვეთის მიერ ცვლილებით გათვალისწინებული წესის დარღვევა, პირველ შემთხვევაში გამოიწვევს მეწარმის გაფრთხილებას, იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმი 1000 ლარით განისაზღვრა. ამ წესით დადგენილი პირობების ყოველი მომდევნო დარღვევისას, მეწარმე სუბიექტი 5000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.
ლარით სავალდებულო ფასდადების მოთხოვნა მეწარმე სუბიექტებს შეეხება. ამასთან, მზადდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების პროექტი იმ საგამონაკლისო შემთხვევებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, მეწარმის მიერ, საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასის გამოხატვა, შესაძლებელი იქნება უცხოურ ვალუტაში.