გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2017 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 779 ფაქტი გამოავლინეს.
როგორც სამინისტრო იუწყება, გამოვლენილი სამართალდარღვევების ძირითად ნაწილს, რაზეც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებია შედგენილი, ავტომანქანიდან გადმოგდებული საყოფაცხოვრებო ნარჩენის გამოვლენის ფაქტები შეადგენს.
”დეპარტამენტი ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტებს მთელი საქართველოს მასშტაბით ახდენს. აპრილ-ივნისში ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული, შედგენილი საჯარიმო ოქმებიდან, ყველაზე მეტი - 165 სამართალდარღვევა თბილისის მასშტაბით გამოვლინდა; სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაიწერა 143 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; ქვემო ქართლის რეგიონში - 136 ოქმი; აღმოსავლეთის რეგიონულმა სამმართველომ (მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი) გამოავლინა სამართალდარღვევის 104 შემთხვევა; დასავლეთის რეგიონულმა სამმართველომ (იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი) 96 - შემთხვევა; აჭარის სამმართველომ გამოავლინა სამართალდარღვევის 77 ფაქტი; სამცხე-ჯავახეთის სამმართველომ - 31 ფაქტი, ხოლო კახეთის სამმართველომ - 27 ფაქტი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ, ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენას”, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.