ლაშა ხუციშვილი - საგადასახადო კოდექსით ენერგოეფექტურობა წახალისდება

საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებით, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მფლობელები ჭარბი ელექტროენერგიის გაყიდვისას საშემოსავლო და მოგების გადასახადს არ გადაიხდიან.

როგორც ფინანსთა სამინისტრო იუწყება, აღნიშნული ცვლილება პარლამენტმა საგადასახადო კოდექსის ცვლილებათა პაკეტის ფარგლებში მიიღო.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ცვლილება საქართველოში ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებას გაააქტიურებს და სტიმულს მისცემს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების გამოყენებას.

ახალი წესით, მომხმარებელი, რომელიც დაამონტაჟებს 100 კილოვატამდე დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგურს, შეძლებს ელექტროენერგია არა მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოოს, არამედ ჩაერთოს პარალელურ რეჟიმში ელექტროსისტემაში, გამანაწილებელ კომპანიას ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია მიაწოდოს და დამატებითი შემოსავალი მიიღოს.

თუ თვეში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული და გამანაწილებელი კომპანიის ქსელისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა მეტია მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე, სხვაობა (ქსელში მიწოდებული ჭარბი ელექტროენერგია) აისახება მომდევნო თვის ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით.

საანგარიშო წლის ბოლო თვეს, ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით ასახული ელექტროენერგია ჩაითვლება გამანაწილებელი კომპანიის მიერ შესყიდულად. შესაბამისად, კომპანია ვალდებულია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელს გადაუხადოს კრედიტის სახით ასახული ელექტროენერგიის საფასური, სამომხმარებლო ტარიფში კომისიის მიერ გათვალისწინებული, შესყიდული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით.