რა ანაზღაურებას იღებენ „საქართველოს ბანკის“ მთავარი ფიგურები

სააქციო საზოგადოება „ბიჯეო ჯგუფმა“, რომელიც სს „საქართველოს ბანკის“ ჩვეულებრივი აქციებისა და შესაბამისად, ხმების 75%-ზე მეტს ფლობს, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და კომიტეტის წევრების ანაზღაურების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

როგორც „ბიჯეო ჯგუფის“ გენერალური დირექტორის მოადგილის ავთანდილ ნამიჩეიშვილის 28 ივნისის განცხადებაში ვკითხულობთ, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების წლიური ანაზღაურება (გადასახადების დაქვითვამდე) შემდეგნაირად განისაზღვრება: ნილ ჯანინი − 210,313 ამერიკული დოლარის ეკვივალენტი; დევიდ მორისონი − 97,820 ამერიკული დოლარის ეკვივალენტი; სამეთვალყურეო საბჭოს დანარჩენი წევრები (გარდა ირაკლი გილაურისა) კი − 73,365 ამერიკული დოლარის ექვივალენტი.

„ბიჯეო ჯგუფის“ გენერალური დირექტორის ირაკლი გილაურის ანაზღაურება კი განცხადების თანახმად, მასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად გაგრძელდება.

რაც შეეხება კომიტეტების წევრებს, 1 ივლისიდან მათი წლიური ანაზღაურება (გადასახადების დაქვითვამდე) ასეთი იქნება: აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარის − 17,520 ამერიკული დოლარის ოდენობით; აუდიტის კომიტეტის წევრის − 12,848 დოლარი; ანაზღაურების კომიტეტის თავმჯდომარის ანაზღაურებად განისაზღვრა − 12,848 ამერიკული დოლარი; ამავე კომიტეტის წევრის კი − 8,760 ამერიკული დოლარი; 17,333 ამერიკული დოლარი იქნება რისკის კომიტეტის თავმჯდომარის ანაზღაურება, ხოლო ამავე კომიტეტის წევრისთვის − 8,760 დოლარი.