თხის ყველს ჩვენში, ძირითადად, საოჯახო მეურნეობებში ამზადებენ და ძვირიც ღირს.
როგორც ამბობენ, ჩვენთან ამოყვანილი თხის ყველის ექსპორტს საიმედო პერსპექტივა აქვს და ამიტომ ბოლო დროს თხების მოშენებას ბევრი მისდევს. პრობლემა ის არის, რომ კარგი ჯიშის პირუტყვის შესაძენად და სტანდარტების შესაბამისად ფერმების მოსაწყობად თანხა ბევრს არ აქვს. თუმცა დათო პერანიძემ ამ საქმეში პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა. მას თერჯოლაში ოჯახური მეურნეობა აქვს.
დათო პერანიძე: - ორი წელია, ამ საქმეს ვაკეთებთ. ზაანური ჯიშის თხები ევროპიდან ბიძაჩემმა ჩამოიყვანა, ცალში 480 ევროა გადახდილი. როცა იყიდა, ციკნები იყვნენ... წესების დაცვით დავიწყეთ ფერმის მშენებლობა და გამართვა, რათა თხებს შესაფერისი თავშესაფარი ჰქონოდათ. ფერმა 525 კვმ-ია. ხუთი ჰექტარი გვაქვს შემოღობილი. თხები დილას მწყემსს მიჰყავს და საღამოს შემოჰყავს, ოღონდ შუადღეს ვასვენებთ. ფერმაში 1-ლ საათზე შემოდიან, 2 საათს რჩებიან და მერე ისევ მიდიან. ფაქიზი, სათუთი ჯიშია, სიცხის ატანა უჭირთ და ამიტომ შუადღეს თაკარა მზის ქვეშ ყოფნა არ შეუძლიათ. სამაგიეროდ, მინუს 25 გრადუსს უძლებენ, სიცივეს და ყინვას ადვილად იტანენ.
- სამ საათზე მწყემსს ისევ საძოვარზე მიჰყავს?
- დიახ, და საღამოს 8 საათზე ბრუნდებიან ფერმაში. 21 მეწველია, დანარჩენები თვეში არიან და უნდა მოიგონ... თვეში ტონაზე მეტს იწველებიან, დღეში კი 40-45 ლიტრს. სულ 25 დედალი გვყავს, სამი მამალი ერთი და იმავე ჯიშისაა, მაგრამ სხვადასხვა ოჯახიდან არიან. ოჯახში განაყოფიერება არ ხდება, რომ ჯიში არ დაიკარგოს. თუ დაიკარგა, ყველი და რძე მაღალი ხარისხის აღარ იქნება, ამიტომაც სპეციალურად ჩამოვიყვანეთ ისინი სხვადასხვა ქვეყნიდან. მამალი თხებიდან ორი დიდია. ერთში 1.200 ევრო გადავიხადეთ, მეორეში - 840. ახლა ოთხ ნაშიერს ველოდებით. ზოგი ორს ბადებს, ზოგი - ერთს. წელიწადში ორჯერ იგებენ.ძალიან სუფთები არიან. ცუდ ბალახს არ ჭამენ, ბინძურ წყალს არ სვამენ. შინ წყლის დასალევადაც შემოგვყავს, ფერმაში მათთვის ონკანებია დამონტაჟებული, სადაც სუფთა წყალი მოდის. თუ წყალში შემთხვევით ბალახი მოხვდა, პირს არ დააკარებენ.
- მართლა ფაქიზები ყოფილან...
- ასეა. ვეტექიმიც მუდმივად ამოწმებს თხების მდგომარეობას. დაავადებების საწინააღმდეგოდ 6 თვეში ერთხელ ვცრით.ვინაიდან ესენი მეწველი თხები არიან და არა სახორცე, დიდები არ იზრდებიან და არც მსუქნები არიან.
- რატომ დაინტერესდით თხებით?
- ბევრი მიზეზის გამო... დავიწყოთ იმით, რომ სუნი არ აქვთ და ყველიც უსუნოა. არც სადგომშია სუნი, რაც ძროხების, ღორებისა და ცხვრების სადგომებისგან განასხვავებს.- გარდა ვეტექიმის მომსახურებისა, როგორი მოვლა სჭირდებათ?
- ზაფხულობით ვაშლი, კომბოსტო, სტაფილო სჭირდებათ. ცოცხალ ვიტამინებს იღებენ. ქიმიური ვიტამინებისგან თავს ვიკავებთ და ზაფხულობით ამ პროდუქტს ვაწვდით. ზამთარში ბაგურ კვებაზე არიან - ერთმანეთს ენაცვლება თივა, იონჯა, შვრია. მთელი ზამთარი მარტო თივაზე რომ იყოს, ან მარტო იონჯაზე, ასე არ არის.- ორი წლის შემდეგ რა შედეგებს მიაღწიეთ, გაამართლა მოლოდინმა?
- ხუთი თვეა, რაც წველა დაიწყეს და ყველის ამოყვანაც დავიწყეთ. თხის რძე, მოგეხსენებათ, უქოლესტერინოა და ძვირფას, სასარგებლო და საჭირო ელემენტებს შეიცავს.გარდა ყველისა, რძესაც ვყიდით. ადგილობრივ ბაზარზე მასზეც არის მოთხოვნილება და ყველზეც. კილოგრამ ყველს 20 ლარად ვყიდით, ლიტრ რძეს კი - 5 ლარად.
- რა გეგმები გაქვთ?
- ადგილობრივი ბაზრის სრულად ათვისება გვინდა. თუ რძის პროდუქტებზე (კარაქი, ყველი, არაჟანი) მოთხოვნილება გაიზარდა, მეტი რძე იქნება საჭირო. ამიტომ, პირველ რიგში, ვეძებთ გასაღების ბაზარს, მერე კი პროდუქციასაც მივაწვდით.წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 3 ივლისის ნომერში
ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად