ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი - ვალუტის მოკლევადიანი სტაბილურობა ჩვენი მიზანი არ არის

ვალუტის მოკლევადიანი სტაბილურობა ჩვენი მიზანი არ არის. ჩვენი მიზანია ვალუტის გრძელვადიანი სტაბილურობა, როცა ფასების სტაბილურობა და ვალუტის სტაბილურობა ურთიერთდამოკიდებული ხდება.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა.

„ეროვნული ბანკის ფუნქცია ფასების სტაბილურობაა, რაც ნიშნავს, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია უნდა იყოს მიზნობრივთან ახლოს. სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მეწარმისთვის, მათ შორის, სამშენებლო სექტორისთვის. ეს სექტორი რომ სტაბილური იყოს, მისთვის მნიშვნელოვანია ინფლაცია და არა კურსი. ვალუტის მოკლევადიანი სტაბილურობა კი ჩვენი მიზანი არ არის. ჩვენი მიზანია ვალუტის გრძელვადიანი სტაბილურობა, როცა ფასების სტაბილურობა და ვალუტის სტაბილურობა ურთიერთდამოკიდებული ხდება.

რაც შეეხება ჩვენს ინტერვენციებს, მათი ერთ-ერთი მიზანი რეზერვების შევსებაა მაშინ, როცა ამის საშუალება გვაქვს და თან ისე, რომ კურსზე გავლენა არ ვიქონიოთ. ვერ ვიტყვით, რომ ინტერვენციები გრძელვადიან ან საშუალოვადიან პერიოდში რამე ტენდენციას ქმნის. და კიდევ, თუ კურსი ჭარბად გამყარდება, როგორც 2016 წელს, ეს გამოიწვევს იმპორტის ზრდას, ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნის გაჩენას და შემდეგ უკვე ლარის კურსის გაუფასურებას. ცოტა რთულია ასახსნელად, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ უფრო მეტად ვერევით ლარის გამყარების დროს, რათა მეტი სტაბილურობა შევძინოთ კურსს, რისი შესაძლებლობაც გაუფასურების დროს არა გვაქვს,“-აღნიშნა მესტვირიშვილმა.

წყარო „კვირის პალიტრა"