მსოფლიოში გავრცელებული მორიგი ჰაკერული თავდასხმების ფონზე, ანალიტიკოსები კიბერ და საინფორმაციო შეტევას საქართველოშიც ელოდებიან.
ჰაკერებმა ამჯერად უკრაინას შეუტიეს, რაშიც ოფიციალური კიევი რუსეთის სპეცსამსახურებს ღიად ადანაშაულებს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებით, კიბერშეტევა სამთავრობო ოფისებზე, ბანკებსა და ენერგო კომპანიებზე განხორციელდა ჰაკერების იმ ჯგუფის მიერ, რომელმაც 2016 წლის დეკემბერში უკრაინის ფინანსური, სატრანსპორტო და ენერგოსისტემა დაავირუსა.
თუმცა, უკრაინელი სპეციალისტების მოსაზრებით, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ჰაკერების მიზანი არა ფულადი გამოსასყიდი, არამედ ინფორმაციის განადგურება იყო.
კიბერშეტევის შესახებ ბირთვულ, ენერგო და სამრეწველო სექტორში მომუშავე კომპანიებს აშშ-ის უშიშროების სამსახურიც აფრთხილებს.
როგორც ცნობილია, თავდამსხმელები ე. წ. ფიშინგის ტექნიკას იყენებენ და ადრესატებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით წერილს მათთვის სანდო სუბიექტის სახელით უგზავნიან. მისი გახსნის შემდეგ კი მთლიანი კომპიუტერული სისტემა ვირუსდება.
როგორც აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, ჰაკერებმა ზოგიერთ შემთხვევაში უკვე მიაღწიეს სასურველ შედეგს, თუმცა ზიანი რამდენად დიდი და მასშტაბურია, ჯერჯერობით უცნობია.
აღნიშნულს რუსეთის ხელისუფლებაც გამოეხმაურა და კიბერშეტევაში მონაწილეობა კატეგორიულად უარყო.
ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ ამჟამინდელი კიბერშეტევა არ იყო ისეთი მასშტაბური, როგორც მაისის თვეში განხორციელებული, თუმცა ესეც საკმაოდ სახიფათო იყო, რადგან სამიზნე ენერგოობიექტები და ბანკები იყო.
"როგორც მოგეხსენებათ, ბევრ ქვეყანას, მათ შორის უკრაინას, ატომური ელექტროსადგურები აქვს და, მიუხედავად მათი დაცულობისა, არავინ იცის რა ზიანის გამოწვევა შეუძლია მსგავს ვირუსებს. საბედნიეროდ, რაიმე სერიოზული გართულება არ ყოფილა", - აცხადებს ამირან სალუქვაძე.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამაში უკრაინა რუსეთს ღიად ადანაშულებს, დანამდვილებით და ფაქტებით მოსკოვის ბრალეულობა ვერ მტკიცდება.
"რუსეთს ჯერ ოფიციალურად ბრალი ვერავინ დაუმტკიცა. თუმცა სამიზნე ქვეყნების ან ობიექტების მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომელი ქვეყნის ინტერესში შეიძლება შედიოდეს ესა თუ ის კიბერშეტევა".
"რაც შეეხება კიბერთავდასხმის მიზნებს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ დგას შეტევის უკან. თუ შეტევა ცალკეული ფიზიკური პირების ან ჯუგფების მიერ განხორციელდა, შესაძლოა, პირად ანგარებაზე ან "სპორტულ" ინტერესზე ვიფიქროთ. თუ სახელმწიფოს ორგანიზებულია, მაშინ მიზანი კონკრეტული სახელმწიფოებისთვის ან ეკონომიკის სხვადასხვა სექტორისთვის ზიანის მიყენებაა. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ კიბერშეტევას პოლიტიკური შემადგენელი ნაწილი აქვს", - აცხადებს ამირან სალუქვაძე და აღნიშნავს, რომ ბოლო თვეების ტენდენციის მიხედვით, კიბერშეტევის ინტენსივობა მოიმატებს.
"რა თქმა უნდა, საქართველოც, შესაძლოა, ასეთი შეტევის ობიექტად იქცეს. კიბერშეტევა სახელმწიფოს მიმართ აგრესიად არის მიჩნეული. თუ მაისის კიბერშეტევას გამოვრიცხავთ, დანარჩენ კიბერშეტევაში, შეგვიძლია, პოლიტიკური ინტერესები დავინახოთ.
"ურთიერთობის დაძაბვის შემთხვევაში საქართველოს წინააღმდეგ კიბერ, ასევე საინფორმაციო შეტევის ალბათობა მკვეთრად გაიზრდება", - აცხადებს ამირან სალუქვაძე.
ნინი ქეთელაური
გაზეთი "რეზონანსი"