სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის პორტრეტი ქვეყნის ფულად ერთეულზე დაიტანეს.
ასადის გამოსახულებიანი 2 000-ფუნტიანი ფულადი ბანკნოტი მიმოქცევაში გუშინ შევიდა და ამ დროისთვის სირიის რამდენიმე ქალაქშია ხელმისაწვდომი.
„როიტერის“ ინფორმაციით, სირიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის დურაიდ დურჰამის განცხადებით, 2 000 სირიული ფუნტის ბანკნოტი ასადის გამოსახულებით წლების წინ დაიბეჭდა, თუმცა ქვეყანაში არსებული საომარი ვითარების გამო ამ დრომდე არ იყო მიმოქცევაში.
ახალი ბანკნოტი 4 დოლარის ექვივალენტია. სირიულმა ფუნტმა ვარდნა 2011 წლიდან დაიწყო და თუ 2010 წელს 1 დოლარი 47 ფუნტი ღირდა, ამჟამად ერთი დოლარის ღირებულება 500 ფუნტია.
ასადის გამოსახულებიანი კუპიურა ამ დროისთვის ყველაზე მაღალი ფულადი ერთეულია სირიაში. აქამდე ყველაზე მაღალი 1000 ფუნტიანი კუპიურა იყო, რომელზეც ასადის მამა, სირიის ყოფილი პრეზიდნეტი ჰაფეზ ალ ასადია გამოსახული.
კოკა კვირკველია