კინტრიშის, ალგეთის, ყაზბეგისა და ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებს KfW 8 მილიონი ევროთი დააფინანსებს

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის განვითარების ბანკი (KfW) საქართველოს 4 დაცული ტერიტორიისათვის 8,2 მილიონ ევროს გამოყოფს.

ხელშეკრულებას, რომელიც დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს, სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე და გერმანული საკონსულტაციო ჯგუფის (GFA) წარმომადგენელი დევიდ ვაჰაბი მოაწერენ ხელს.

8,2 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი მომდევნო 5 წლის განმავლობაში დაიხარჯება. ხელშეკრულების მიხედვით, გათვალისწინებულია კინტრიშის, ალგეთისა და ყაზბეგის დაცულ ტერიტორიებზე როგორც ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასევე დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების გაძლიერება. იგეგმება ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიის შექმნაც.

პროექტით გათვალისწინებულია მაღალი სტანდარტის მენეჯმენტის გეგმების შემუშავება, ეკო-ტურისტული ბილიკების, ღამის სათევებისა და საპიკნიკე ადგილების მოწყობა, დაცული ტერიტორიების დემარკაცია (საზღვრების დადგენა), ადმინისტრაციული შენობების აშენება და მათი აღჭურვა, ბიომონიტორინგის სისტემის შექმნა და ადგილობრივი კადრებისთვის ტრენინგების ჩატარება.

ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.