მას შემდეგ, რაც წლის დასაწყისში დოლარის ინდექსმა მრავალწლიან მაქსიმუმს (103.86) მიაღწია, კლება დაიწყო და ნახევარი წლის განმავლობაში, მინიმუმი 95.50-თან დააფიქსირა.
ამერიკული ვალუტისთვის ეს წლის ყველაზე სუსტი დასაწყისია 2006 წლის შემდეგ. ანალიტიკოსები უფრო უარესსაც ელიან და მათ მოლოდინს წარსულის სტატისტიკაც აძლიერებს.
ბოლო დროს, დოლარის კურსი ნაკლებად რეაგირებს დადებით სტატისტიკაზე. განსაკუთრებით პარადოქსულად ჩანს ის ფაქტი, რომ შრომის ბაზრის დადებითი ინფორმაციის გამოქვეყნებას, ბოლო ათ თვეში, დოლარის კურსის კლება ცხრაჯერ მოჰყვა. ეს ფაქტორი მხედველობაში მისაღები იქნება ამ კვირის ბოლოსაც, როცა ამერიკაში შრომის ბაზრის სტატისტიკა გამოქვეყნდება.
„დოლარი აღარ რეაგირებს მოულოდნელ დადებით სტატისტიკებზე და მნიშვნელოვნად სუსტდება უარყოფითი ინფორმაციის გამოქვეყნებისას. სანამ ასე გაგრძელდება, დიდი რისკია იმისა, რომ სტატისტიკის ყოველი გამოქვეყნების შემდეგ, დოლარი შემცირებას გააგრძელებს“, - ამბობს „გოლდმენ საქსის“ სტრატეგისტი მაიკლ კეჰილი.
დოლარმა წლის პირველი ნახევარი, ოთხთვიანი კლებით დაასრულა. ეს ამერიკული ვალუტისთვის 2011 წლის შემდეგ, კურსის შემცირების ყველაზე გრძელი ტრენდია. ამით მან დაკარგა ის პოზიციები, რომლებიც აშშ-ში პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ მოიპოვა. სულ კი წლის პირველ ექვს თვეში, კლებამ 6.6 პროცენტი შეადგინა. ეს დოლარისთვის 2010 წლის შემდეგ, წლის ყველაზე ცუდი პირველი ნახევარია. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ვერ უზრუნველყოფს ფისკალური ზრდის დაჩქარებას. „კრედიტ სუისის“ სტრატეგისტი ელვის მარინო ამბობს, რომ სწორედ ეს გარემოება აბათილებს ეკონომიკის დადებითი სტატისტიკის და ფედრეზერვის მიერ დოლარის საპროცენტო განაკვეთის აწევის ფაქტორებს.
„რაც მონეტარული პოლიტიკის ფრონტზე ხდება, ეს მთავარი არ არის. უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ დოლარზე უარყოფითად მოქმედებს ფინანსური მოლოდინების გაწბილება“, - ამბობს მარინო.
ამერიკული დოლარის კურსი ევროსთან, ბრიტანულ სტერლინგთან და კანადურ დოლართან მიმართებაში, წინა კვირაში 2 პროცენტით შემცირდა, რაც შესაბამისი ცენტრალური ბანკების მიერ, მონეტარული პოლიტიკის შესაძლო გამკაცრების დაწყებასთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია.
და მაინც, „JP მორგან ჩეიზის“ ანალიტიკოს ჯონ ნორმანდის თქმით, არსებობს ოპტიმიზმის საფუძველიც. ახლახან გამოქვეყნებული განცხადებით, ის დოლარის გრძელი პოზიციების (ყიდვა) შენარჩუნების რეკომენდაციას იძლევა. მისი არგუმენტებია: სხვა ვალუტების შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთები, ბაზრის მიერ ამ ეტაპზე იმის არგათვალისწინება, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა წელს კიდევ აპირებს დოლარის განაკვეთის აწევას, ასევე მთავარი ფუნდამენტური საფუძველი - აშშ-ის ეკონომიკის მოსალოდნელი დადებითი სტატისტიკა.
ნორმანდის ამ მოსაზრებას არ იზიარებენ ჰეჯ ფონდები და სხვა სპეკულატორები. 2016 წლის მაისიდან პირველად, მათ ამერიკულ დოლარზე დათვური პოზიციები დაიკავეს.
მომზადებულია "ბლუმბერგის" მიხედვით