ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე, სიტუაციის ადგილზე გასაცნობად, თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე იმყოფება.
როგორც აბაშიძემ განაცხადა, ხანძრის შედეგად დაზიანებული შენობის უმეტესი ნაწილი დაზღვეულია და შესაბამისად, ზარალსაც სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც შენობის დირექტორები დაზიანებულ ადგილებს მოინახულებენ, მოხდება მათთან და დაზარალებულ მეწარმეებთან შეხვედრა.
ლაშა აბაშიძის განცხადებით, თბილისის მერიის პირველი ამოცანაა, დეტალურად აღიწეროს დაზიანებული ქონება, მოხდეს სიის შედგენა, თუ ვინ რა რაოდენობის ზარალი მიიღო. ასევე შედგეს სია, თუ ვის ჰქონდა ქონება დაზღვეული და ვის არა.
აბაშიძის განცხადებით, სწორედ ამის შემდგომ გახდება თბილისის მერიის კონკრეტული ნაბიჯები ცნობილი, თუ როგორ მოხდება აღნიშნულ საკითხზე დედაქალაქის მთავრობის რეაგირება.
მისივე განმარტებით, ჯერჯერობით ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალის ოდენობა უცნობია, ვინაიდან ტერიტორიაზე კვლავინდებურად მიმდინარეობს ექსპერტ-კრიმინალისტების მუშაობა და ტერიტორიის სრულად დათვალიერება ამ დრომდე არ დასრულებულა.
”ველოდებით დირექტორების შენობიდან გამოსვლას, რათა მოხდეს კოორდინირება და დაზარალებულ მეწარმეებთან შეხვედრა. ჩვენ უნდა მოვაგროვოთ ინფორმაცია და გადავდგათ პირველი ნაბიჯები. ჩვენი ამოცანაა, თავდაპირველად მოვისმინოთ, თუ ვის რა პრობლემა აქვს, ვინ არის დაზღვეული და ვინ არა. ვის რა საქონელი დაუზიანდა და ა.შ. ამის შემდგომ კი უფრო ვრცლად შემეძლება საუბარი”, - აღნიშნა ლაშ აბაშიძემ.
ადგილზე კვლავ იმყოფებიან ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული პირები, რომლებიც შენობაში შესვლას და დაზიანებული ქონების აღწერის პროცედურის დაწყებას ელოდებიან.