რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის განცხადებით, მოსკოვს აფხაზეთთან არავითარი პრეტენზიები არ აქვს სოხუმის მიერ რუსეთის ფულის ხარჯვასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში გადაეცემა.
„ყოველგვარი კომპლიმენტების გარეშე, აქ არავითარი შელამაზება არ ხდება. ჩვენ ვხედავთ ყველა ინფორმაციას. ვხედავთ გამჭვირვალედ, თუ როგორ გამოიყენება რუსული ფული და ჩვენ პრეტენზიები არ გაგვაჩნია,“ - განაცხადა პუტინის თანამშემწემ, რომელიც სოხუმში იმყოფებოდა.
მისივე თქმით, აფხაზეთში ინვესტორებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად მუშაობა ყოველდღიურად მიმდინარეობს - „რიგი შეზღუდვები ნაბიჯ-ნაბიჯ იხსნება“.
„აქ არის ინფრასტრუქტურული შეზღუდვები, გაზი, ელექტროობა - ეს ობიექტური საგნებია, რომელთა გამო საინვესტიციო ბუმზე გათვლა არ ხდება. ეს უნდა მოგვარდეს, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება,“ - განაცხადა სურკოვმა.
მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ საინვესტიციო სააგენტოს გამოცდილება ეტაპობრივად კარგი ეფექტის მომცემი იქნება და შესაბამის გარემოს შექმნის.