თბილისის საკრებულოს წევრის, ალეკო ელისაშვილის შეფასებით, ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ეჭვის საფუძველს იძლევა, რომ ის შესაძლოა განზრახ იყო გაჩენილი.
როგორც ელისაშვილმა Palitranews-ის გადაცემა ”360 გრადუსში” განაცხადა, არსებობს ორი პროექტი, რომელთაგან ერთი ბაზრობის გადატანას ითვალისწინებს, ხოლო მეორე - იმავე ადგილას დიდი სავაჭრო ცენტრის მოწყობას.
“ჩვენ ყველამ ფული გადავუხადეთ ძალიან კარგი და კვალიფიციური ადამიანებისგან შემდგარ ორგანიზაციას, რომელმაც ბოლოს და ბოლოს თბილისს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უნდა აღირსოს. ჩვენ ამ ხალხს 2-მილიონი მივეცით, რომ დაეწერა ეს გეგმა, რომ ამიერიდან ყველა დიდი პროექტი გეგმისა და წესის შესაბამისად განვითარდეს. ამ ხალხის რეკომენდაცია, ვისაც ქალაქის დაგეგმარება ვანდეთ, არის ის, რომ ელიავას ბაზრობა ორ ნაწილად გაიყოს, გადავიდეს ორ ლოკაციაზე და იმ ადგილას რეკრეაციული ზონა გაკეთდეს. ამის საპირისპიროდ შემოსულია პროექტი ელიავას ბაზრობის ადმინისტრაციიდან, რომ ბაზრობა გადაიხუროს და მორჩა - დარჩეს ელიავას ბაზრობა. ამ ფონზე ჩნდება ხანძარი და ყველაფერი ძალიან უცნაურად ემთხვევა ერთმანეთს. ამ თემაზე ძალიან ცხარე კამათი და სერიოზული განხილვები იყო. საბოლოოდ გადაიდო. ”ქართული ოცნება” აღნიშნულ ტერიტორიაზე ელიავას ბაზრობის დატოვებას და იქ რაღაც ინფრასტრუქტურის მოწყობას ემხრობოდა”, - განაცხადა ელისაშვილმა.