რა ფორმით მოხდება დახმარება, დღეს ლაშა აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი , - ამის შესახებ ელიავას ბაზრობაზე დამწვარი სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთმა დირექტორმა გოჩა ხეცურიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი ინფორმაციით, დღეს ცენტრის მფლობელები და დაზარალებული მოვაჭრეები თბილისის მერიაში წარადგენენ სრულ ინფორმაციას, თუ რა ოდენობის ზარალი მიადგათ მათ.
ხეცურიანის თქმით, ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ როგორ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან მათთვის დახმარების გაწევა.
“დღეს ვიცე-მერთან, რომელიც სავარაუდოდ 13.00 საათზე შეგვხვდება, ჩვენი მხრიდან იქნება წარდგენილი ინფორმაცია სრულად, თუ რამდენი მაღაზიაა დამწვარი. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ მაღაზიების მფლობელები და მეწარმეები. მას შემდეგ, რაც მერიის სამსახური და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები მიიღებენ ჩვენგან ინფორმაციას, შეეცდებიან გაგვცენ პასუხი, რა ფორმით ან რა რაოდენობის თანხით დაგვეხმარებიან”, - განაცხადა გოჩა ხეცურიანმა.
მისივე ინფორმაციით, შენობის ნაწილში, სადაც ხანძარი გაჩნდა, კვლავ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და სავარაუდოდ, დღის ბოლოსთვის საგამოძიებო სამუშაოების დასრულების შემდეგ შენობაში შესვლას ყველა შეძლებს.