გარემოს დაცვის სამინისტროსა და გაერო-ს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის პროექტის განხორციელებაზე შეთანხმება შედგა.
როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან იუწყებიან, სამინისტრო, გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) ახალ ინიციატივას იწყებენ. პროექტის - „მე-4 ეროვნული შეტყობინება და მე-2 განახლებული ორწლიური ანგარიშის მომზადება“, შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ნილს სკოტმა.
სამინისტროს განცხადებით, ოთხწლიანი (2017-2021) ინიციატივა, რომლის ბიუჯეტი 850 ათას აშშ დოლარს აღემატება, ითვალისწინებს ინფორმაციის შეგროვებას საქართველოში კლიმატის ცვლილების გამოვლინებების შესახებ და სათბური აირის ემისიების ინვენტარიზაციას.
„ამ ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს მთავრობა მოამზადებს ანგარიშებს გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ, რომელიც ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო შეთანხმებაა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ გლობალურ ძალისხმევაში“, - აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, საქართველო გაერო-ს ჩარჩო კონვენციას კლიმატის ცვლილების შესახებ 1994 წელს შეუერთდა, ხოლო 2015 წელს პარიზის შეთანხმებას მოაწერა ხელი. აღნიშნული საერთაშორისო დოკუმენტები ავალდებულებს საქართველოს კლიმატის ცვლილების შერბილებასთან დაკავშირებული ღონისძიებები გაატაროს. მათ შორის, სათბური აირის გაფრქვევა 15 პროცენტით შეამციროს.
„გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) მხარს უჭერენ საქართველოს ამ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში, კლიმატის ცვლილების მონიტორინგში და შესაბამისი ეროვნული პოლიტიკის შემუშავებაში, რაც, საბოლოო ჯამში, დაეხმარება ქვეყნის გადასვლას მწვანე განვითარების გზაზე“, - განაცხადეს სამინისტროში.