ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულმა ინტერვენციებმა ლარი ერთ ადგილზე გააშეშა. როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, სებ-მა სავალუტო აუქციონის მეშვეობით ბაზარს თითქმის 90 მლნ დოლარი გამოაცალა, აქედან 70 მლნ დოლარი - ბოლო 3 კვირაში. შედეგად, ლარის კურსის გამყარება ვერ მოხერხდა, ამასობაში კი ინფლაციამ ბოლო წლების რეკორდი მოხსნა. ფინანსისტების გათვლით, სავალუტო ინტერვენციების გარეშე კურსი ახლა 2,30-ის ფარგლებში იქნებოდა.
ცალკე საკითხია, რა გავლენას მოახდენდა მყისიერი გამყარება ეკონომიკაზე, რომლის მდგომარეობა ბოლო წლების განმავლობაში ისედაც არასახარბიელოა, მაგრამ იგი აუცილებლად დადებითად იმოქმედებდა ინფლაციაზე, რომელიც მოსახლეობას ახლა უკვე ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის.
ბოლო პერიოდში სებ-ი და მთავრობა შეთანხმებულად მოქმედებენ. მათი პოლიტიკის პირობებში მაღალი კურსი და არასასურველი ინფლაცია ხელოვნურად მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. სამომხმარებლო ბაზარზე უჩვეულო სიძვირეა. იმპორტიორები არ ამცირებენ ფასს როგორც საწვავის, ასევე პროდუქტების სეგმენტში. ამ ფონზე ადგილობრივი მწარმოებლებიც თავს იკავებენ სეზონური გაიაფებისგან.
"მართალია, სებ-ი პასუხისმგებლობას ინფლაციაზე იტოვებს, მაგრამ სასურველ შედეგს ვერც აქ აღწევს. ივნისში წლიური ინფლაციის დონე 7.1%-მდე გაიზარდა. გვენეტაძის უწყება ყოველთვე პირობას დებს, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია კლებისკენ წავა, მაგრამ ნაცვლად ამისა, ყოველთვე მატულობს.
გაუფასურებული ლარი იმპორტიორებს და მეწარმეებს გაიაფების შანსს არ უტოვებს, შესაბამისად, არც აგრარული პროდუქცია იაფდება. ამიტომაცაა ყველაზე ძვირი ზაფხული ბოლო წლების განმავლობაში.
რაც უნდა იმართლოს თავი სებ-მა, ფაქტია, რომ მისი ქმედება, ერთი მხრივ, ხალხის, მეორე მხრივ კი, სავალუტო პროცესების ტენდენციის წინააღმდეგ არის მიმართული. დღესდღეობით ყველა პირობაა იმისა, რომ კურსი კიდევ უფრო გამყარდეს, მით უმეტეს, რომ დოლარი სხვა წამყვანი ვალუტების მიმართ სუსტდება და ბოლო პერიოდის ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა.
საბანკო სფეროს ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სებ-ის არასწორი პოლიტიკა კურსზე უარყოფითად აისახება და ასეთი დამოკიდებულება ლარის გაუფასურებით დამთავრდება. ასე ფიქრობს ფინანსისტი, ორგანიზაცია "პირადი ბანკირის" ხელმძღვანელი ირაკლი ბერძენაძე, რომლის შეფასებით, ეროვნული ბანკის მხრიდან სავალუტო ინტერვენციები გაცილებით ეფექტური იქნებოდა ლარის გაუფასურების პერიოდში და არა ახლა, როცა სებ-ისგან დამოუკიდებლად, სხვადასხვა ფუნდამენტური ფაქტორის გამო, ლარი მეტ-ნაკლებად გამყარდა.
”სებ-ის პრობლემა მუდმივად არის ის, რომ სავალუტო ბაზარზე ერევა მაშინ, როცა არ არის საჭირო და როდესაც საჭიროა, განზე დგომას არჩევს. ალბათ ყველაფერს აქვს თავისი ახსნა. ინტერვენცია სებ-ის მხრიდან ამ შემთხვევაში ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ახლა ლარი გონივრულ ნიშნულზეა, მთავარია, გაუფასურება არ დაიწყოს. შეიძლება ახლო პერიოდში დაახლოებით 5 პუნქტით კიდევ გამყარდეს, მაგრამ ამის შემდეგ ეტაპობრივი გაუფასურება მოხდება. წინ არჩევნებია, ასევე ტურიზმის აქტიური სეზონია და ფულადი შემოდინებაც მატულობს, რაც შესაბამისად კურსზეც აისახება. ეს გვეხმარება, რომ არ ეცემა კურსი, თუმცა ტენდენცია დიდხანს არ შენარჩუნდება.
საერთოდ, მკვეთრი გამყარების მოლოდინიც არ უნდა გვქონდეს, ეს ანგრევს ეკონომიკას. სამწუხაოდ, სებ-ი ამბობს, რომ მხოლოდ ინფლაციაზეა პასუხისმგებელი, მაგრამ როცა კურსი მყარდება, აღმოჩნდება, რომ ეს სწორედ მისი "დამსახურებაა". ინტერვენციების აუცილებლობაზე რომ ვისაუბროთ, სებ-მა უნდა განმარტოს, არის თუ არა კურსზე პასუხისმგებელი. რატომ ერევიან, თუ გაცვლით კურსზე პასუხისმგებლობას არ იღებენ, ეს ჩემთვის გაუგებარია”, - აცხადებს ბერძენაძე და დასძენს, რომ მომდევნო პერიოდის განმავლობაში კურსი, შესაძლოა, 2,35-მდეც ჩამოვიდეს, მაგრამ მისი შენარჩუნება სამომავლოდ გაჭირდება.
”მიმოქცევიან ათეულობით მილიონი დოლარი რომ არ ამოეღოთ, კურსი ახლა 2,30-ის ფარგლებში უნდა ყოფილიყო. ვფიქრობ, კიდევ გამყარდება აუცილებლად. სავარაუდოდ, 2,35-მდე ჩამოვა და ეს იქნება ძალიან კარგი ნიშნული.
მთავარი პრობლემა ახლა ინფლაციაა. შეიძლება ითქვას, ეროვნული ბანკი ბოლომდე ვერც გაერკვა, კურსზეა პასუხისმგებელი, ინფლაციაზე თუ ორივეზე ერთად. ამიტომ, ვფიქრობ, გარკვეულწილად ლარს ხელოვნურად იჭერენ. რეალურად, კურსი უნდა იყოს დაბალი, მაგრამ ეკონომიკური მდგომარეობა არის ცუდი, ტურიზმის იმედად ვართ და ეს დიდი შეცდომაა. არ იქნება ექსპორტი, არ იქნება ინვესტიცია და არც სტაბილური კურსი გვექნება”, - განუცხადა ”ბიზნეს-რეზონანსს” ირაკლი ბერძენაძემ.
ექსპერტების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ლარის კურსი დღესდღეობით მისაღებ ნიშნულზეა, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ არსებული მაჩვენებლების გაუმჯობესება რეალურად შესაძლებელია. კურსის მყისიერ გამყარებას არ მიესალმება საბანკო ექსპერტი ვაჟა კაპანაძე, ამ მხრივ ეროვნული ბანკის ქმედებებს იგი სწორადაც კი მიიჩნევს, მაგრამ ქვეყნის მთავარ ბანკს აკრიტიკებს იმის გამო, რომ დღემდე სტრატეგიის გარეშე მოქმედებს.
"ჯერჯერობით სებ-ის მიდგომა არის სწორი. არაერთხელ მითქვამს, რომ არ შეიძლება, ნახტომისებურად მოხდეს გამყარება, ისევე როგორც მისი გაუფასურება. სებ-ის ფუნქციაა, რომ არ დაუშვას ასეთი ცვლილებები კურსში, მაგრამ სტრატეგია უნდა ჰქონდეს, რაც არ ჩანს. ჩვენ არ ვიცით, სებ-ს სურს ახალი წონასწორობის კურსის განსაზღვრა, თუ კურსის არსებულ ნიშნულზე დატოვებას ცდილობს. როგორც ჩანს, რაღაც სტიქიურ ფორმას იღებს ეს ჩარევა. რაღაც დონეზე ეს არ არის ცუდი, მაგრამ სტრატეგიას უნდა ექვემდებარებოდეს სებ-ის ქმედება.
ზაფხულის თვეები დეფლაციურია და იმპორტიც ამ შემთხვევაში მცირდება. უკვე ოქტომბრიდან გარკვეული რყევა იქნება. ტენდენცია შეიცვლება, როცა უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა გაიზრდება. მცურავი კურსის პრინციპი უნდა მოქმედებდეს არა მხოლოდ გაუფასურების, არამედ გამყარების დროსაც", - განმარტავს კაპანაძე და დასძენს, რომ ეროვნული ბანკი კურსსა და ინფლაციას შორის იხლიჩება.
”იმ პოლიტიკის შემდეგ, როცა სებ-მა კურსის პასუხისმგებლობაზე უარი განაცხადა და მხოლოდ ინფლაციაზე აიღო ორიენტაცია, ახლა ლავირებას ორივე მაჩვენებელს შორის ახდენს. ხან ერთი გაურბის, ხან – მეორე, რეალურად ასეა, ამბობს, ინფლაცია არ არის, კურსი გამყარდებაო, მაგრამ ცვლილება ინფლაციაზე უფრო აისახა და ახლა ამის შედეგს იღებენ.
ამჟამად საითკენ უბიძგებს კურსს სებ-ი, ჩემთვის გაუგებარია. სავალუტო ფონდის პროგრამა ჩაირთო, ამიტომ მისი ქმედება უკვე მკაცრად კონტროლდება. რა თქმა უნდა, მყისიერ გამყარებას მხარს არ დაუჭერენ. ფასების პარიტეტია დასაცავი მეზობელ ქვეყნებთან, თორემ ყველა ვარიანტში წავაგებთ სავაჭრო ურთიერთობაში – მეტ სტიმულს მივცემთ იმპორტს და მსხვილ სავაჭრო პარტნიორებთან თანასწორსარგებლიანი ვჭრობა არ გვექნება,” - აღნიშნა ”ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას ვაჟა კაპანაძემ.
მარი ჩიტაია
გაზეთი ”რეზონანსი”