ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ ლარში გაცემული სესხების რაოდენობა მატულობს,
რაც ხელისუფლების მიერ ლარიზაციის პროექტის განხორციელებისა და 100 000 ლარამდე კრედიტის ლარში აღების ვალდებულების ლოგიკური შედეგია. თუმცა იგივე სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამან ვერ გაზარდა ლარისადმი საზოგადოების ნდობა იმდენად, რომ მოსახლეობამ ანაბრების შენახვა ლარში გადაწყვიტოს.
ოფიციალური სტატისტიკის მხედვით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 2017 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, 172,3 მლნ ლარით (0,9 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე - 1,3 პროცენტით) და მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 18,7 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე ხანებში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 157.3 მლნ ლარით (2,1 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 15.0 მლნ ლარით (0.1 პროცენტით) გაიზარდა.
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2017 წლის მაისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.2 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით, 0.9 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 6.1 მლრდ ლარის (0.2 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.8 პოცენტით მეტი). 2017 წლის მაისის განმავლობაში 1.4 პროცენტით, ანუ 127.6 მლნ ლარით, გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირებისა და კრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 9.6 მლრდ ლარი შეადგინა.
მთავრობის ოპტიმიზმს არ იზიარებენ ექსპერტები, როგორც აფბას ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი აღნიშნავს, სასესხო პოტფელებში დოლარიზაციის დონის შემცირება წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით მოხდა და მხოლოდ ამაზე დაყრდნობით რაიმე დასკვნების გამოტანა გადაჭარბებულია.
”ჩემი აზრით, ჯერ ძალიან ცოტა დროა გასული იმისთვის, რათა ვისაუბროთ, გაამართლა თუ არა მთავრობის ლარიზაციის გეგმამ. ზოგადად, დოლარიზაცია არამხოლოდ ჩვენი, არამედ ძალიან ბევრი ჩვენზე განვითარებული ქვეყნის პრობლემაა და მისი შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯი მისასალმებელია. თუმცა, 5 თვის თავზე მხოლოდ სასესხო პორტფელში დოლარიზაციის დონის შემცირება არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვთქვათ გაამართლა თუ არა სტრატეგიამ.
რაც შეეხება უშუალოდ სასესხო პორტფელში დოლარიზაციის დონის შემცირებას, რომელიც მართლაც 7%-ით შემცირდა, ეს გამოიწვია იმ რეგულაციამ, რომელიც მთავრობამ 2017 წლის 1 იანვრიდან, ლარიზაციის პროგრამის ფარგლებში ამოქმედდა და, რომლის ფარგლებშიც, 100 000 ლარამდე სესხების უცხოურ ვალუტაში გაცემა აიკრძალა. ზოგადად, დოლარიზაციის დონე ქვეყანაში სესხებისა და დეპოზიტების დოლარიზაციის საერთო დონით ისაზღვრება, თუ ჩვენ შევხედავთ დეპოზიტების დოლარიზაციის დონეს, ვნახავთ, რომ ის 67%-ს აღწევს, ანუ მთავრობის ლარიზაციის ამოქმედებიდან დღემდე ეს მაჩვენებელი სულ რაღაც 3%-ით შემცირდა, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, დედოლარიზაცია არ არის მოკლევადიანი პერსპექტივა და ეს მონაცემები, რომელიც დღეს გვაქვს, არ გვაძლევს იმის საფუძველს ვისაუბროთ, გაამართლა თუ არა მთავრობის გეგმამ. მით უმეტეს, რომ ამ სტრატეგიის ისეთი მნიშვნელოვანი რეგულაციები ჯერ არცკი ამოქმედებულა როგორიც არის, ფასების ლარში ფიქსაცია, 100 000 ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაცემის ნიშნულის 200 000-მდე აწევა. ამ რეგულაციებს სერიოზული როლი აკისრია მთლიანი სტრატეგიის ეფექტიანობაში და სანამ ეს გეგმა მთელი დატვირთვით არ ამუშავდება, მანამდე, გაამართლა თუ არა სტრატეგიამ ამის თქმა გადაჭარბებული იქნება”, -მიიჩნევს ბაირახტარი.
მექანიზმების არასრულად ამოქმედებაზე საუბრობს ეკონომისტი, ვახტანგ ჭარაია და მიიჩნევს, რომ თუ დღეს სხვადასხვა მიზნობრიობის სესხის აღება ეროვნულ ვალუტაში ხდება, ის შემდეგ მაინც დოლარში ხურდავდება.
”აღნიშნული დოლარიზაციის და ლარიზაციის მაჩვენებელი იანგარიშება ბანკებში არსებული სესხების და დეპოზიტების თანაფარდობით (საუბარია საბანკო სექტორში არსებულ ლარებსა და დოლარებზე). დოლარიზაციის და ლარიზაციის კოეფიციენტი არ ასახავს მთლიანად ეკონომიკის რეალურ სურათს. საბანკო სექტორის პროპორციები ჩვენი ეკონომიკის პროპორციების ადეკვატური არ არის. ადამიანმა შეიძლება სესხი აიღოს ლარში (პირობითად იპოთეკური სესხი 50 000 ლარის ოდენობით), მაგრამ თუ მას სურს ბინის ან ავტომობილის შეძენა, ის ამ ლარს მაინც დოლარში ახურდავებს და ყიდულობს სასურველ ქონებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკისთვის რეალურად არაფერი შეცვლილა.
მოსახლეობა როგორც იყო დოლარზე დამოკიდებული, ისევე რჩება დოლარზე დამოკიდებული. შესაბამისად, ლარიზაციის ხელოვნური გზით მიღწევა არ არის სწორი და ეს არის დამოკიდებული იმ პოლიტიკაზე, რომელიც დღეს აქვს მთავრობას და რომლის ცვლილების შემთხვევაში, შეიძლება ლარიზაციის კოეფიციენტი იმწამსვე ჩამოიშალოს. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია დოლარიზაციის ზუსტი მაჩვენებლის შესახებ. დაახლოებით 15 მილიარდამდეა ლარში და დოლარში დეპოზიტები კომერციულ ბანკებში, როგორც კერძო, ისე იურიდიული პირების, მაგრამ მოსახლეობაში რამდენია ჯამურად ბანკებს გარეთ, ეს ინფორმაცია ჩვენთვის უცნობია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში მოსახლეობის ნდობა საბანკო სექტორის მიმართ საკმაოდ შერყეულია ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საკმაოდ რთულია იმ ზუსტი რიცხვის თქმა, თუ რამდენია დანაზოგების მაჩვენებელი მთლიანად ქვეყნის ჭრილში. უშუალოდ დეპოზიტებზე განთავსებულ ლარსა და დოლარებს შორის პროპორციებს თუ განვიხილავთ, ვფიქრობ, დოლარის და, ზოგადად, უცხოური ვალუტის ანაბრები უფრო და უფრო გაიზრდება, იმიტომ, რომ მიუხედავად ლარიზაციის ამ ხელოვნური მცდელობისა, მოსახლეობა დოლარს უფრო ენდობა. დოლარში და ევროში თანხის განთავსება ბევრად უფრო სტაბილურია, მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით მაღალი საპროცენტო განაკვეთია ლარის დეპოზიტებზე”, -მიიჩნევს ჭარაია.
ჭარაიამ მთავრობის მიმდინარე სტრატეგიაც შეაფასა და აღნიშნა, რომ არსებული გეგმით დოლარიზაციის დონის შემცირება წარმოუდგენელია.
”ვფიქრობ, არ იყო გადადგმული საკმარისი ნაბიჯები იმისთვის, რომ ლარიზაციის მაჩვენებელი დავიდეს ისეთ ნიშნულზე, ნახევარზე მაინც, რომ იყოს ლარის და დოლარის კოეფიციენტები. ამ პოლიტიკით, რომელიც ახლა არსებობს, ეს ყველაფერი წარმოუდგენლად მეჩვენება. პოლიტიკის ნაწილია ისიც, რომ სესხებს ლარში გასცემენ და ასე ცდილობენ ლარიზაციას, პოლიტიკის ნაწილია ისიც, რომ ლარზე არავინ არ ზრუნავს. ასეთი დამოკიდებულებით კი ლარისადმი ნდობა ვერ გაიზრდება და ვერ გაიზრდება მისი ხვედრითი წილი ეკონომიკაში”, - განაცხადა ჭარაიამ.
ლაშა ბასლანძე
გაზეთი ”ბანკები და ფინანსები”