„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. კონკურენციის სააგენტოს მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, სააგენტოსთვის გაერთიანება/შერწყმის შეტყობინების წარუდგენლობის შემთხვევაში, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების მქონე კომპანიებს ჯარიმა დაეკისრებათ.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, კანონპროექტი უკვე მთავრობაშია წარდგენილი.
რაც შეეხება ჯარიმის ოდენობას, ის არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის/აგენტების წლიური ბრუნვის 1 პროცენტს. ფიზიკური პირის შემთხვევაში კი ამ პუნქტით დადგენილი სანქცია 500 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
ამასთან, პროექტის მიხედვით, კონცენტრაციის შეუტყობინებლობისთვის სანქციის დაკისრება ეკონომიკურ აგენტს სააგენტოსთვის კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.
კონცენტრაციის (შერწყმა/გაერთიანება) შესახებ სააგენტოსთვის წინასწარ წერილობით შეტყობინების ვალდებულება აქვს ეკონომიკურ აგენტს, რომლის ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი ეკონომიკური აგენტიდან თითოეულის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარს აღემატება; ასევე აგენტს, რომლის საქართველოში არსებული აქტივების ჯამური ღირებულება აღემატება 10 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი ეკონომიკური აგენტიდან თითოეულის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული აქტივების ღირებულება აღემატება 4 მილიონ ლარს.