საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის “აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულების ფარგლებში ქართულმა კომპანია „იუვის ბერისმა“ (Uvie's berries) ლურჯი მოცვი , პომიდორი, ქინძი, ოხრახუში, კამა და სხვა სახის მწვანილი ყატარში ექსპორტზე გაიტანა.
როგორც ეკონომიკის სამინისტროდან იუწყებიან, მიმდინარე წლის ივნისში ყატარში ახალი ექსპორტიორი ქვეყნების და კომპანიების მოძიების საჭიროება გაჩნდა, რაც განსაკუთრებით საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შეეხო. ყატარის მსხვილმა კომპანიებმა საქართველოს საელჩოს ყატარში პოტენციური პარტნიორების იდენტიფიცირებაში დახმარებისთვის მიმართეს. სწორედ ამ მიზნით, სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის ხელშეწყობის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ 100-ზე მეტ კერძო კომპანიას, საქართველოს საელჩოს ყატარში მიაწოდეს ინფორმაცია აღნიშნული შესაძლებლობის შესახებ და გააცნეს ის პირობები და მექანიზმები, რომლითაც სახელმწიფო აქტიურად ეხმარება ქართულ კომპანიებს საკუთარი პროდუქციის საზღვარგარეთ გატანაში. მცირე დროში, მოხერხდა ყატარის მხარესთან რამდენიმე ქართული კომპანიის აქტიური მოლაპარაკებების წამოწყება. კომპანიამ „იუვის ბერისმა“ „ყატართან“ მოლაპარაკების ფარგლებში გააფორმა კონტრაქტი ყატარის ჰიპერმარკეტების ქსელთან Lulu, სადაც უკვე მოცვის, ბოსტნეულისა და მწვანილის ექსპორტს ახორციელებს.