AXIS საცხოვრებელ სახლებში კონსიერჟ მომსახურებას ნერგავს

დეველოპერული კომპანია AXIS თავის სახლებში კონსიერჟ მომსახურებას ნერგავს. ამის შესახებ AXIS-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„საცხოვრებელი, საოფისე, კომერციული შენობების მომსახურების და მართვის კომპანია “ბრავა“ აქსისმა თავის ახალაშენებულ სახლებში გასულ წელს შემოიყვანა. ამჟამად ეს სერვისი „აქსისის“ ოთხ ობიექტზეა ხელმისაწვდომი. კომპანიის მიერ სახლის მართვა სიახლეა საქართველოში, რადგანაც როგორც წესი, დეველოპერის მიერ შესრულებულ სამუშაოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა იბარებს, რომელიც საბოლოოდ პასუხისმგებელია სახლის მოვლაზე. ყველაზე გავრცელებული სცენარით, სახლში საერთო ფართების მოვლა-პატრონობის დაწესებისთვის კრება იმართება, წესდების მიხედვით საჭიროა მობინადრეთა ორი მესამედის თანხმობა, ასევე, ზოგ შემთხვევაში თავმჯდომარეს ირჩევენ, ან საერთოდ ვერ დგება კრება. თუ ამხანაგობა და მისი თავმჯდომარე არ იქნებიან აქტიურები, სახლი ცალკეულ გარემონტებულ ციხესიმაგრეებად იქცევა, რომელსაც აქვს მოუვლელი და დანაგვიანებული მიმდებარე ტერიტორია, გაუმართავი ლიფტი და მოუწესრიგებელი სადარბაზო. დროთა განმავლობაში ყველა სახლი განიცდის ცვეთას, ამორტიზირდება, მწყობრიდან გამოდის სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობა, რომელიც სახლის ჰარმონიულ და გამართულ არსებობას უზრუნველყოფს. ექსპლუატაციის პროცესში ჩნდება უამრავი პრობლემა, ეს შეიძლება ეხებოდეს ლიფტს, სახურავს, ინტერიერსა და ექსტერიერს, წყლის მილებს და სანიაღვრე სისტემას, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხი - არავის გვსურს ბნელი და დაუცველი სადარბაზო ჩვენს სახლში. როცა საქმეში მართვის კომპანია ერთვება, ის სხვადასხვა ობიექტზე მოთხოვნის მიხედვით ახორციელებს განსხვავებულ სერვისს, თუმცა ზოგადი სურათი ერთია, - ეს არის სასტუმროს ტიპის სერვისის ჩამოყალიბება საცხოვრებელ სახლებში“, - ნათქვამია AXIS-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპანიის ინფორმაციით, კონსიერჟი ერთგვარად ითავსებს ყველა იმ ფუნქციას, რაც რეცეფციასთან მდგომ თანამშრომელს ევალება. ისინი პასუხისმგებელნი არიან საერთო ფართის წესრიგზე, სისუფთავის შენარჩუნებაზე, მიმდინარე საკითხებისა და წამოჭრილი პრობლემების მართვაზე, ბინათმესაკუთრეებთან ურთიერთობაზე და მათ მიერ დასმული საკითხების გადაწყვეტაზე.

„ეტაპობრივად სერვისი იხვეწება და უმჯობესდება, თუ თავდაპირველად კონსიერჟს უწევდა მობინადრეებთან მოსული თითოეული სტუმრის მიგებება და მისთვის კარის გაღება, სტუმრის აცილება ლიფტით და ბინამდე მიყვანა, ახლა არსებობს დისტანიცურად კარის გაღების მობილური აპლიკაცია და ვიზიტორის ბარათი, რომლითაც თავად შეუძლია ლიფტით ასვლა და შესაბამის ბინაში სტუმრობა. როდესაც სახლი გადადის ძილის რეჟიმზე, პროცესში ერთვება ღამის კონსიერჟი, რომელიც ამავე დროს სახლის დაცვის ფუნქციასაც ითავსებს. ამასთან, ბინის მფლობელებთან კომუნიკაცია 24 საათიანია, საჭიროების მიხედვით. დასუფთავების სერვისი უზრუნველყოფს მთელს კორპუსში იდეალურ სისუფთავეს დღის განმავლობაში, ხოლო საღამოს საათებში აღნიშნული სისუფთავის შენარჩუნებას კონსიერჟი ადევნებს თვალს. ეს მოვალეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლადჩაბარებულ კორპუსებში, სადაც ჯერ კიდევ უამრავი ბინა რემონტდება. გარემონტებული ბინის მფლობელები ვერ უნდა გრძნობდნენ თუ როგორ ხვდება სარემონტო მასალა სხვა ბინაში, მათ არ უნდა ხვდებოდეთ საერთო ფართი მოუწესრიგებელ მდგომარეობაში. კონსიერჟ-მომსახურება სახლს უწევს ტექნიკური მართვის მომსახურებასაც. სახლის გადმობარებისას ხდება ყველა იმ სისტემის შემოწმება და გარანტიების ჩართვა, რომელიც აუცილებელია სახლის გამართული ექსპლუატაციისთვის, იქნება ეს ლიფტები, წყალგაყვანილობა, სანიაღვრე სისტემები, ცენტრალური კარების და პარკინგის სისტემა. მართვის კომპანიის საქმიანობა განაპირობებს ბინის ღირებულების ზრდას 15-20 პროცენტით. იზრდება ასევე ბინების გაქირავების საფასურიც, რამდენადაც უცხოენოვანი მოქირავნეები უკვე იოლად ამჩნევენ, რომ არსებობს სახლი, სადაც კონსიერჟი ინგლისურ ენაზე საუბრობს და პრობლემების მოგვარება შეუძლია. მაგალითად, დაჯავშნა, ტაქსის გამოძახება, ინფორმაციის მიწოდება, რაც მათ დიდ კომფორტს უქმნის. სერვისის დახვეწასთან ერთად მომხმარებელიც იაზრებს აღნიშნული მომსახურების სიკეთეებსა და ფუნქციებს. პირველი ექვსი თვის განმავლობაში აქსისი თავად უზრუნველყოფს კონსიერჟის შემოყვანასა და მისთვის აუცილებელი ფულადი სახსრების დაფარვას. კორპუსის ახალმოსახლეობამ უნდა ნახოს თუ რა სერვისზეა საუბარი, შეაფასოს ყველა ის სიკეთე, რომელიც თან ახლავს ამ მომსახურებას. ექვსი თვის შემდეგ, ბინის მესაკუთრეთა სურვილის შემთხვევაში, კომპანია აგრძელებს ფუნქციონირებას და გადადის თვითდაფინასებაზე. ყველა ხარჯი გამჭვირვალეა, მესაკუთრეებისთვის დგება თვის ბიუჯეტი, სადაც გაწერილია ხარჯთაღრიცხვა, ისინი განიხილავენ და ამტკიცებენ ბიუჯეტს, მხოლოდ ამის შემდეგ და ამ ბიუჯეტის ფარგლებში ხდება როგორც მიმდინარე გადასახადების, ასევე შეთანხმებული ინიციატივების განხორციელება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო: https://www.axis.ge/ka/blog/axis-is-konsierji/31