სავაჭრო ცენტრში „გალერეა თბილისი“ ბევრი ისეთი ბრენდი იქნება, რომელიც ჯერჯერობით საქართველოში წარმოდგენილი არ არის.
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ თანაინვესტირების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლიკა ჩოხელმა განუცხადა.
მისივე ცნობით, ბრენდებთან შეთანხმება უკვე მიღწეულია და სავარაუდოდ, შემდეგ კვირაში გახდება ცნობილი, თუ კონკრეტულად რომელი ბრენდები იქნებიან სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი.
„სავაჭრო ცენტრის მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, შესაბამისად, „გალერეა თბილისი“ 2017 წლის შემოდგომაზე გაიხსნება. ეს შეიძლება იყოს სექტემბრის ბოლო პერიოდი ან ოქტომბერი,“- აღნიშნა ჩოხელმა.
უკვე ცნობილია, რომ „გალერეა თბილისში“ შემოდგომაზე შვედური ბრენდი H&M გაიხსნება. სწორედ ის იყო პირველი რითეილერი, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა.
„გალერეა თბილისი“ თავისუფლების მეტროსთან, ყოფილი უნივერმაღის ტერიტორიაზე შენდება. ცენტრის ჯამური სავაჭრო ფართი 22 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. პროექტის მიხედვით, სივრცეში საცალო ვაჭრობისთვის განკუთვნილი 5 სართული და საკვები ზონა გაერთიანდება.
თაია არდოტელი