თუ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებს გადავხედავთ, ელიავას მიმდებარე ტერიტორიასა და წერეთლის გამზირზე ჰაერი ყველაზე მეტად არის დაბინძურებული.
ამის შესახებ ეკოლოგმა ხათუნა ახალაიამ ელიავას ბაზრობაზე საუბრისას დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ელიავას ბაზრობაზე არის გუბეები, რომელიც დაბინძურებულია ნავთობპროდუქტებით და ზეთებით.
“იქ მიმდინარე საქმიანობით გამოიყოფა მავნე აირები, გამოიჟონება დაბინძურებული სითხე, წყალსაც ვერ დაარქმევ ამ სითხეს, რაც იქ გამოიჟონება”, - განაცხადა ხათუნა ახალაიამ.
მისივე ინფორმაციით, ის სატრანსპორტო საშუალებები, რაც გადაადგილდება ელიავას ბაზრობაზე, ასევე გავლენას ახდენს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.
როგორც ხათუნა ახალაიამ განმარტა, აღნიშნულ ტერიტორიაზე არის ადამიანების ორი ჯგუფი: ერთი ჯგუფი, რომლებიც მუშაობენ და ეშინიათ, რომ არ დაკარგონ ადგილი და მეორე ჯგუფი, რომლებიც ცხოვრობენ და თავიანთი ჯანმრთელობის ფასად იტანენ იმ საქმიანობას, რაც ამ ტერიტორიაზე ხდება.
ეკოლოგის თქმით, ელიავას ბაზრობაზე არის რამდენიმე იურიდიული პირი და აუცილებელია, თითოეულ იურიდიულ პირს დაუდგინდეს, თუ რა მავნებლობა და რა ზიანი მოაქვს გარემოსთვის.
მან ასევე გენერალურ გეგმაზეც ისაუბრა.
როგორც მან განმარტა, აუცილებელია გენერალურ გეგმაზე საზოგადოების ინფორმირება.
“საქართველოში ბუმია, რომ არავინ დარჩეს დაუსაქმებელი. მოიძებნება ზონა, სადაც გადავლენ და უკეთეს პირობებში მუშაობა მოუწევთ. ამ სიტყვებს ჰაერზე არ ვამბობ. ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ აუცილებელია შრომის უსაფრთხოების კუთხით რეგულაციები და ახალი ზონა ამ კრიტერიუმებს აუცილებლად დაექვემდებარება”, - განაცხადა ხათუნა ახალაიამ.