თბილისის ცენტრში ახალი City Center სასტუმრო გაიხსნა

3 ივლისს თბილისის ცენტრში კიდევ ერთი ახალი სასტუმრო City Center გაიხსნა.

პრემიუმ კლასის, ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო თამარ მეფის გამზირზე მდებარეობს. სასტუმრო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდი სასტუმროების ქსელს City Group-ს, რომელშიც City Center-ის გარდა, გაერთიანებულია სასტუმრო City Avenue.

მენეჯმენტთან ერთად, სასტუმრო ოფიციალურად გახსნა ქ. თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ. მისი თქმით, დედაქალაქში მორიგი ახალი სასტუმროს გახსნა მოქალაქეების დასაქმებისა და ეკონომიკის განვითარების კარგი საშუალებაა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქალაქში ძალიან ბევრი სასტუმროა, მომატებულმა ტურიზმის

bpnნაკადმა და სხვადასხვა საქმიანმა ღონისძიებამ, რომელიც ჩვენს ქალაქში იმართება, დამატებითი მოთხოვნა წარმოშვა, ამიტომაც, ყოველი მომდევნო სასტუმროს გახსნა ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დასაქმდეს, გაიზარდოს საბიუჯეტო შემოსავლები. ვულოცავ სასტუმროს მენეჯმენტს და იმ ჯგუფს, რომელმაც ჩვენს დედაქალაქში სასტუმროს გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

სასტუმროს გენერალური მენეჯერის, გიორგი ყეინაშვილის თქმით, City Center მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურებას, კომფორტულ გარემოს და სასიამოვნო ატმოსფეროს სთავაზობს.

„მოხარულები ვართ, რომ გაიხსნა სასტუმრო City Center, რომელიც City Group-ის მეორე სასტუმროს წარმოადგენს. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ 84 ნომერს, ფიტნეს კლუბს, საკონფერენციო დარბაზს, კაფე-ბარს. სასტუმროში დასაქმებულია 40 ადამიანი. ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი საკმაოდ მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის, ისე დედაქალაქის ეკონომიკისთვის“.

კომპანია დაფნას დირექტორის მოადგილე ლევან პაპიაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ტურისტების მზარდი რაოდენობა ასეთი პროექტების განხორციელებას განაპირობებს.

„პირველ რიგში ვულოცავ სასტუმროს მეპატრონეს ამ შესანიშნავი სასტუმროს გახსნას. იმის გათვალისიწინებით, რომ ქალაქში და ზოგადად ქვეყანაში, ასეთი ჭარბი ტურისტული ნაკადია, დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მაღალი კლასის სასტუმროს გახსნა თბილისში“.

თეა ბეჟიტაშვილი