„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ პეკინის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის სრული განახლების მიზნით მასშტაბური სამუშაოების დიდი ნაწილი დაასრულა.
კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მსოფლიოს წამყვანი გერმანული კომპანიის RRT Ingenieurburo Weidt-ის ექსპერტებთან ერთად მიმდინარეობს.
”პირველ ეტაპზე, პეკინის გამზირის მარცხენა მხარეს სრულად შეიცვალა 355 მმ-იანი და 160 მმ-იანი წყალსადენის 1.5კმ სიგრძის ქსელი და ექსპლუატაციაში გასაშვებად ჰიდროტესტირება ჩაუტარდა. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, ქსელზე 70 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა.
წყალსადენის 160 მმ-იანი ახალი ქსელის 150 მეტრი სიგრძის მონაკვეთი უკვე გადაერთდა და ექსპლუატაციაში შევიდა.
,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამუშაოებს გეგმის სრული დაცვით აგრძელებს. მეორე ეტაპზე, წყალარინების 400 მეტრი სიგრძის გვირაბს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და საექსპლუატაციო ჭა მოეწყობა.
ივლისის მეორე ნახევრიდან, 1000 მმ-იანი და 900 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური ქსელების 1.3 კმ სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყება. ასევე პეკინის გამზირის მარჯვენა მხარეს სრულად შეიცვლება წყალსადენის 355 მმ-იანი და 160 მმ-იანი 1.5 კმ სიგრძის გამანაწილებელი ქსელები.
სამუშაოების ბოლო ეტაპზე, წყალმომარაგების და წყალარინების ქსელების სათვალთვალო ჭები და ჭის თავსახურები განახლდება.
,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღნიშნულ პროექტში 3 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.