„თიბისი დაზღვევაში“ ელიავას ბაზრობის ტერიტორიის 850 კვ.მ.-ია დაზღვეული, რაც შენობის კონსტრუქციას და ბიზნესსაქმიანობის შეწყვეტის რისკს მოიცავს , - ამის შესახებ „თიბისი დაზღვევის“ დირექტორის მოადგილემ დავით კიღურაძემ განაცხადა.
როგორც დავით კიღურაძემ განმარტა, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე არსებული შენობა დაყოფილია ოთხ პავილიონად, „თიბისი დაზღვევის“ მიერ დაზღვეული ფართი კი მე-2 პავილიონი იყო, კერძოდ, დაახლოებით, 850 კვ.მ-ზე არსებული შენობა-ნაგებობები.
მისივე თქმით, აღნიშნული ტერიტორია კერძო კომპანია „გუჯუჯის“ მფლობელობაშია, რომელიც შემდეგ ამ ქონებას მოიჯარეებზე გასცემს.
„რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია, ჩვენ მიერ დაზღვეული 850 კვ.მ ტერიტორიიდან ნახევრამდეა დამწვარი, რაც დაახლოებით, 300-400 კვ.მ-ის ფარგლებში მერყეობს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე შენობაში შესვლის, დათვალიერების და სრულყოფილად შეფასების საშუალება არ გვაქვს, რადგან მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ისინი ჯერ ზარალის გამომწვევი მიზეზების დადგენას ახდენენ“, - განაცხადა კიღურაძემ.
მისივე თქმით, შპს „გუჯუჯი“ დაახლოებით, 30-მდე მცირე ზომის მაღაზიას აერთიანებს.
„ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია მანამდე სხვაგან იყო დაზღვეული, ხოლო „თიბისი დაზღვევაში“ ის რამდენიმე თვის წინ, კერძოდ, ამა წლის მაისში გადმოვიდა. ჩვენთან დაზღვეულია შენობის მხოლოდ კონსტრუქცია, რომელიც ანაზღაურებას ექვემდებარება. მარაგები და მეპატრონის სხვა რაიმე საკუთრება „თიბისი დაზღვევაში“ დაზღვეული არ არის. ჩვენთან აღნიშნული ქონება დაზღვეულია ჯამში, 750 000 ლარად. ხოლო ამ შენობაზე ზარალის ოდენობა მას შემდეგ დაითვლება, რაც გამოძიება დამთავრდება. ჩვენ შევძლებთ შენობაში შესვლას, ექსპერტების შეყვანას და დათვლას, თუ რა ტიპის და თანხობრივად რა ოდენობის სამუშაოებია ჩასატარებელი. იმედია, ამ კვირის განმავლობაში ტერიტორიაზე შესვლისა და იმ ზარალის დათვლის საშუალება მოგვეცემა, რაც შენობას მიადგა“, - განაცხადა კიღურაძემ.
მისივე თქმით, შპს „გუჯუჯს“ ასევე დაზღვეული ჰქონდა ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტის რისკიც, რომელიც ითვალისწინებს მაქსიმუმ 100 000 ლარის ფარგლებში იმ შემოსავლის ანაზღაურებასაც, რაც ბიზნესსაქმიანობის შეწყვეტის გამო დაიკარგა.