ქუთაისი-ბერლინის გაუქმებული რეისის 155 მგზავრიდან ნაწილი წყალტუბოში, სასტუმროშია გადაყვანილი, ნაწილს კი ბილეთის გადაცვლის საშუალება მიეცა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, ქუთაისი-ბერლინის რეისს პრობლემები უამინდობის გამო შეექმნა.
„ქუთაისში საშინელი წვიმისა და უამინდობის გამო, ბერლინიდან მომავალი თვითმფრინავი თბილისში დაჯდა, ქუთაისიდან ბერლინის მიმართულებით რეისი კი გადაიდო. რაც შეეხება მგზავრებს, 155 მგზავრიდან 80 წყალტუბოში, სასტუმროშია განთავსებული. მათ კი, ვინც სასტუმროში წასვლაზე უარი თქვა, ბილეთის სხვა მიმართულებაზე გადაცვლის საშუალება მიეცათ. ამასთან, ის ადამიანები, რომელთაც ბერლინიდან თბილისში მოუწიათ დაფრენა, სურვილისამებრ ქუთაისში არიან გადაყვანილი“, - აღნიშნეს აეროპორტების გაერთიანებაში.
რაც შეეხება დეტალებს, თუ როდის შესრულდება ბერლინის მიმართულებით გადადებული რეისი, აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ინფორმაციას ავიაკომპანიისგან ელიან. ამასთან, როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, ქუთაისიდან დღეს რეისები ჩვეულებრივ შესრულდება.