ბოლო წლებში საქართველოდან მასობრივად გაედინება ცოცხალი სამუშაო ძალა.
ამის გამო მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება, მიუხედავად იმისა, რომ შობადობის მხრივ ქვეყანაში საგანგაშო ვითარება არ არის. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, დემოგრაფების აზრით, ხალხის ადგილზე დამაგრება მხოლოდ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით მოხერხდება. სხვა შანსი თითქმის არ არსებობს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, შობადობის მხრივ მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, მაგრამ ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა მაინც იკლებს. 2015 წლის 1-ელ იანვარს, ახალი აღწერის მიხედვით, ქვეყანაში 3 მლნ 713 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. 2016 წელს კი - 3 მლნ 720 ათასი. სამაგიეროდ, 2017 წელს კლება დაფიქსირდა – 3 მლნ 718 ათასი. ამ დროს ბოლო ორ წელიწადში ქვეყანაში 17 ათასი ადამიანით მეტი დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა. თითქოს მატება შესამჩნევი უნდა იყოს, მაგრამ, პირიქით, სახეზეა კლება. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნიდან ემიგრაციაში მიდის შრომისუნარიანი მოსახლეობა, რომელიც სახელმწიფოს მთავარი მამოძრავებელი ძალაა.
აკადემიკოსი ავთო სილაგაძე ამბობს, რომ საქართველოდან უცხოეთში სამუშაოდ მიმავალი ახალგაზრდები ქვეყანას მძიმე ეკონომიკური და სოციალური ფონის გამო ტოვებენ. ამიტომ სახელმწიფომ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რომ ხალხს ყოფა შეუმსუბუქოს და გაქცევაზე რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა იფიქროს.
"საერთო ტენდენციაა, რაც გლობალიზაციას ახასიათებს, მაგრამ, ევროპის ქვეყნებისაგან განსხვავებით, ჩვენთან სხვა მიზეზია. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან უფრო განვითარებულ სახელმწიფოებში ადამიანები სამუშაოდ შეიძლება გადავიდნენ იმის გამო, რომ უფრო მეტი ხელფასი მიიღონ და არა იმიტომ, რომ ძალიან უჭირთ. ჩვენთან განსხვავებული სიტუაციაა, სამუშაო ადგილები საერთოდ არ არის. აქ წლების განმავლობაში ვერ პოულობენ სამსახურს და ამიტომ უმრავლესობას გაქცევაზე უჭირავს თვალი.
ბოლო 3 წელიწადში, ცოტათი გაუმჯობესდა მონაცემები, მაგრამ მაინც მაღალია უმუშევრობა. ადამიანები ლუკმა პურის მოსაპოვებლად მიდიან საზღვარგარეთ, რომ იქედან არჩინონ ოჯახები. საკმაოდ დიდი სამუშაო ძალა გადის წლიდან წლამდე. არავინ წავა, თუ აქ სამუშაო ადგილები იქნება და ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს.
არის განსაკუთრებული შემთხვევები, როცა მაღალინტელექტუალური კატეგორია ტოვებს ქვეყანას. ამ ადამიანებს მაღალი კვალიფიკაციის გამო ძალიან კარგ სამუშაოს სთავაზობენ", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას სილაგაძემ და იქვე დასძინა, რომ პრობლემა იმდენად დიდია, რომ საქართველოდან წასულები უცხოეთის მოქალაქეობას იღებენ და ქვეყანაში დაბრუნების სურვილი აღარ აქვთ. ერთადერთ გამოსავალს აკადემიკოსი იმ აუთვისებელ რესურსებში ხედავს, რომლებიც საქართველოს აქვს, თუმცა პროდუქტიულად ვერ იყენებს.
"სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყნებთან შედარებით, ჩვენთან ბევრად შემცირებულია მოსახლეობა. ემიგრაცია წლების განმავლობაში გრძელდება და მომავალი თაობები იქ იბადებიან, იზრდებიან და ნაკლები კონტაქტი აქვთ სამშობლოსთან.
ბუნებრივია, მიზეზი სამუშაო ადგილების არარსებობაა. შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალი დასაქმებაა, რასაც ინვესტიციები სჭირდება, მაგრამ არ შეიძლება მხოლოდ უცხოური კაპიტალით ამის გაკეთება. ჩვენ არ ვიყენებთ ეროვნულ რესურსს, რისი ათვისების შემთხვევაშიც, უამრავი სამუშაო ადგილის შექმნა იქნებოდა შესაძლებელი. ამ დროს მასობრივად შემოგვაქვს უცხოური საქონელი და სხვა ქვეყნის ეკონომიკას ვეხმარებით ამით.
გასაგებია, რომ ნავთობი და გაზი არ გვაქვს, მაგრამ თურქული აგრარული პროდუქტი არაფერში დაგვჭირდებოდა, რესურსს რომ ვიყენებდეთ. სამუშაო ადგილები ყველაზე მეტად შეიძლება შეიქმნას მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში", - განუცხადა "რეზონანსს" სილაგაძემ.
შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში ხედავს დემოგრაფი ავთო სულაბერიძე. თუ ეს პრობლემა არ გადაიჭრა, ხალხი მასობრივად დატოვებს ქვეყანას, თანაც ახლა, როდესაც ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში თავისუფლად შეუძლია გადაადგილება.
"ქვეყანას შრომისუნარიანი ადამიანები განუწყვეტლივ ტოვებენ. სახელმწიფომ მათ სოციალურ მდგომარეობაზე უნდა იზრუნოს. რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას, ეს თავისთავად შეაჩერებს მიგრაციას. ცხოვრების დონე თუ გაიზრდება, წამსვლელები გადაიფიქრებენ ქვეყნიდან და ოჯახებიდან შორს ყოფნას და სამშობლოში დარჩებიან (შეიძლება, ვინც წასულია, ისინიც დაბრუნდნენ).
თუ არ გამოსწორდა ეკონომიკური მდგომარეობა, მოსახლეობა კიდევ უფრო მეტი სიხშირით დაიწყებს ქვეყნიდან გასვლას. შეიძლება ყველაფერი, რასაც ევროპა გვთავაზობს, უარყოფითად შემოგვიბრუნდეს იმ მხრივ, რომ თუკი სამუშაოს გამო დაარღვიეს წესები, უამრავი დეპორტირებული გვეყოლება", - განუცხადა "რეზონანსს" სულაბერიძემ.
არის კიდევ ერთი პრობლემა. წლების წინ წასული ადამიანები სხვა ქვეყნის მოქალაქეობას იღებენ და ფულად გადარიცხვებსაც ამცირებენ, რომლითაც საქართველოს ეკონომიკა ხეირობს.
"უკვე 25 წელია, მიდიან ქართველები ემიგრაციაში. ზოგიერთი უკან არც ბრუნდება, რის გამოც ქვეყანა კარგავს სამუშაო ძალას. ბევრი მიდის სასწავლებლად, ზოგიც - საცხოვრებლად. უფრო მეტი - სამუშაოდ, თუმცა დიდია შანსი, უმრავლესობა დარჩეს იქ. ახლა კი რიცხავენ თანხებს და ეს ქვეყნის ეკონომიკას ემატება, თუმცა დროთა განმავლობაში ისინი იქ დასახლდებიან, ოჯახებს შექმნიან და სამუდამოდ დაფუძნდებიან. ასეთ შემთხვევაში გზავნილებიც მოიკლებს და საქართველოში მოსახლეობა მკვეთრად შემცირდება.
მესმის, როდესაც ხალხი მიდის რაღაც ახლის შესასწავლად, ასეთ დროს მისაღებია მათი ქვეყნიდან გასვლა და სხვაგან ცხოვრება, მაგრამ როდესაც ლუკმა პურის საძებრად ტოვებენ ოჯახებს და მიდიან, ეს საშინელებაა. შრომისუნარიანი ადამიანების ქვეყანაში დამაგრება მხოლოდ მათი სოციალური პრობლემების მოგვარების შემდეგ იქნება შესაძლებელი", - განუცხადა "რეზონანსს" დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"