ციფრულ ვალუტებს შორის, მსოფლიოში ყველაზე მეტი პოპულარობით ბიტკოინი სარგებლობს, რომლის კაპიტალიზაციაც ციფრული ვალუტების მთლიანი კაპიტალიზაციის ნახევარზე მეტს შეადგენს.
მაგრამ ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მალე შესაძლოა ბიტკოინმა ლიდერის პოზიცია ითერიუმს დაუთმოს. მეტიც, ჰეჯ ფონდ „პოლიჩეინ კეპიტალის“ აღმასრულებელი დირექტორი ოლაფ კარლსონ-ვი ვარაუდობს, რომ ითერიუმი ლიდერობას 2018 წლის ბოლომდე გადაიბარებს.
„ჩვენი დაკვირვებით, ითერიუმს განვითარებისთვის გაცილებით მდიდარი, ორგანული ეკოსისტემა აქვს, რაც მას ძალიან სწრაფი ზრდის პოტენციალს უქმნის. ითერიუმის ფასის ზრდა გაცილებით აგრესიულია, ვიდრე ბიტკოინის შემთხვევაში“, - ბლუმბერგთან სატელევიზიო ინტერვიუში ამბობს კარლსონ-ვი.
ითერიუმი საფინანსო ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა და შარშან ძლიერი დარტყმა მიიღო მას შემდეგ, რაც ჰაკერებმა მილიონობით დოლარის ღირებულების ითერუმის მოპარვა შეძლეს. პირველი თვეების განმავლობაში, ითერიუმის ფასი 1 დოლარის სიახლოვეს იყო, წლევანდელი მარტის შემდეგ კი მკვეთრად გაიზარდა და ახლახან 400 დოლარს მიაღწია, რის შემდეგაც კორექციული (ტექნიკური ანალიზის თვალსაზრისით) მოძრაობა დაიწყო.
ასეთი რყევები ორ ძირითად ფაქტორს მოჰყვა. სწრაფი ზრდა ითერიუმის თანადამაარსებელ ვიტალიკ ბუტერინის რუსეთის პრეზიდნტთან შეხვედრას მოჰყვა, რა დროსაც ამ ვალუტის რუსეთში აღიარების საკითხები განიხილეს. მაგრამ ამას მალე მოჰყვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბუტერინი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მოგვიანებით თავად ბუტერინმა ეს ინფორმაცია მარტივად უარყო - სოციალურ ქსელში საკუთარი სელფი გამოაქვეყნა.
კარლსონ-ვი ერთადერთი ფინანსისტი არაა, ვინც ითერიუმის პოტენციალს აღიარებს. ამ ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებით, მასზე მეტ ოპტიმიზმს ავლენს „იუნიონ სქვეარ ვენჩურზის“ თანადამაარსებელი და მმართველი პარტნიორი ფრედ უილსონი. ის ამბობს, რომ ითერიუმის კაპიტალიზაცია ბიტკოინის კაპიტალიზაციას ამ წლის ბოლომდე გაუსწრებს.
ამჟამად ბიტკოინის ფასი 2 500 დოლარის ფარგლებში მერყეობს, ითერიუმი კი 300 დოლართან იმყოფება. მაგრამ აქ მხედველობაში ერთი საინტერესო ფაქტია მისაღები: სულ რაღაც სამი თვის წინ ბიტკოინის კაპიტალიზაცია ციფრული ვალუტების ჯამური ღირებულების თითქმის 90 პროცენტს შეადგენდა, ამჟამად კი ნახევარზე ჩამოვიდა. იმავდროულად, ციფრული ვალუტების კაპიტალიზაციის თითქმის მეოთხედი უკვე ითერიუმს ეკუთვნის.
კარლსონ-ვი მიიჩნევს, რომ ამ ორი კრიპტოვალუტის გარდა, ციფრულ ვალუტებს შორის კარგი პერსპექტივები აქვთ აუგერს, გოლემს, ზეტქეშსა და მონეროს.
კარლსონ-ვის აზრით, ბიტკოინის ფასის სწრაფ ზრდას, ფუნდამენტური საფუძვლები აქვს, დანარჩენებს კი სპეკულაციები ასაზრდოებს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ სხვა კრიპტოვალუტებზე მოთხოვნა აზიაში გაიზარდა და მათ დიდი კომპანიებიც სულ უფრო ხშირად ყიდულობენ. კარლსონ-ვი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, კრიპტო ვალუტების ბაზარი ჩამოყალიბების პროცესშია და ფასების დიდ დიაპაზონში მერყეობასაც ეს იწვევს. დასტაბილურებას ის დაახლოებით ორ წელიწადში ელის.