ბერლინი-ქუთაისის რეისის მგზავრებმა მთელი ღამე აეროპორტში გაატარეს და ფრენასთან დაკავშირებით ინფორმაციას ამ დრომდე უშედეგოდ ელოდებიან.
ამის შესახებ ბერლინში მყოფმა ერთ-ერთმა მგზავრმა განაცხადა, რომელიც სამშობლოში გუშინ უნდა გამოფრენილიყო, თუმცა რეისის გადადების გამო საქართველოში გამომგზავრებას ამ დრომდე ვერ ახერხებს.
”მთელი ღამე აეროპორტში გავატარეთ. სასტუმროშიც კი არ გადაგვიყვანეს. გვეუბნებიან, რომ 2 საათში გავფრინდებით და ასე გრძელდება ამ დრომდე. არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს”, - განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა.
”ინტერპრესნიუსი” საკითხის გარკვევის მიზნით ”აეროპორტების გაერთიანებას” დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ ფრენის გადადება უამინდობას უკავშირდება.
მათი განმარტებით, მემინგემი-ქუთაისის ავიარეისი უამინდობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა, თვითმფრინავის ბორტი დედაქალაქში იმყოფება და სწორედ ამიტომ, ბერლინში ფრენა ვერ შესრულდა, ბერლინიდან ფრენის გადადება სწორედ ამ ყველაფერს უკავშირდება.
”ავიაკომპანია ვიზეაირის რეისი (W66409) მემინგენი - ქუთაისი, უამინდობის გამო დაჯდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
მგზავრების ნაწილი დარჩა თბილისში, ნაწილი ავტობუსით გაემგზავრა ქუთაისის მიმართულებით.
რეისი ქუთაისი-ბერლინი (W66407 ) არ შესრულდა რადგან ბორტი თბილისში იყო.
ქუთაისი - ბერლინის რეისზე დარეგისტრირებული მგზავრები გადანაწილდნენ სასტუმროებში.
აღნიშნულ ავიარეისთან დაკავშირებით ველით ავიაკომპანია ვიზეარის გადაწყვეტილებას და ინფორმაციის მიღებისთანავე შეიტყობთ ჩვენი გვერდის საშუალებით.
სხვა ყველა ავიარეისი შესრულდება დაგეგმილი დროის მიხედვით”, - თავის მხრივ, ნათქვამია ქუთაისის აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.