უხვი ნალექის მიუხედავად,  დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ 35 000 ჰექტარია დამუშავებული

სოფლის მეურნეობის სამინისტროში, თხილის და სხვა კაკლოვანი კულტურების საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე თხილის მოსავლის შემცირების მიზეზებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, საბჭოს სხდომას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდა. მინისტრის განცხადებით, მეთხილეობა ის დარგია, რომელსაც საქართველოში განსაკუთრებული პოტენციალი აქვს და შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად მხარდაჭერილია.

„თხილის საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, აქტიური კომუნიკაცია გვაქვს დარგის და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, ასევე ფერმერებთან, რათა კომპლექსური და ეფექტიანი ღონისძიებები გატარდეს თხილის ფართობების შემდგომი დაზიანების თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სხდომაზე დარგობრივი ასოციაციების, დონორი ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებსა და მწარმოებლებს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, უხვი ნალექის მიუხედავად, ამ დროისთვის დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ 35 000 ჰექტარია დამუშავებული. განმეორებით ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, მავნებლის გავრცელება შემცირებულია, რაც ჩატარებული ღონისძიებების ეფექტიანობას ადასტურებს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მაის-ივნისში მოსული ნალექის ინტენსივობამ და რაოდენობამ (მაისში მოსულმა ნალექმა ორჯერ გადააჭარბა საშუალო წლიურ მაჩვენებელს) ხელსაყრელი პირობები შექმნა თხილში სოკოვანი დაავადებების გავრცელებისთვის. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევებით გამოვლინდა სხვადასხვა ჯგუფის სოკოვანი ორგანიზმები. სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან ერთად, ეფექტიანი პრეპარატების შერჩევასა და ქიმიური წამლობის ვადების დადგენაზე მუშაობენ. საკითხის მაქსიმალურად მოკლე დროში მოგვარების მიზნით, თურქეთის აგრარული უნივერსიტეტიდან მოწვეულია თხილის დაავადებების სპეციალისტი, რომელიც ქართველ კოლეგებთან ერთად დასავლეთ საქართველოში კვლევებს ჩაატარებს.