მარტვილის კანიონი წყალქვეშა ცურვისთვის ევროპის 8 საუკეთესო ადგილს შორის დასახელდა

მარტვილის კანიონი წყალქვეშა ცურვისთვის ევროპის 8 საუკეთესო ადგილს შორის დასახელდა.

ჩამონათვალი წყალქვეშა ცურვის შესახებ არსებულმა ვებგვერდმა ScubaDiving-მა გამოაქვეყნა. ჩამონათვალის შედგენისას მათ 8 წყალქვეშა ფოტოგრაფს სთხოვეს დაესახელებინათ საუკეთესო ადგილები ყვინთვისთვის.

მარტვილის კანიონი საუკეთესოდ აღიარა ფოტოგრაფმა ვიქტორ ლიაგუშკინმა.

"საქართველო უძველესი ქვეყანაა შავ ზღვასა და კავკასიის მთებს შორის. ქვეყანაში უამრავი გამოქვაბული და კანიონია, ზოგიერთი კი იმდენად მიუდგომელია, რომ მათ თანამგზავრითაც ვერ დაინახავთ. მარტვილის კანიონი აბაშაში მდებარეობს. კანიონზე ულამაზესი, გამჭვირვალე ჩანჩქერებია და ეს ყველაფერი სიმწვანეში ისეა მოქცეული, ერთობლიობაში სადღესასწაულო განათებას ჰგავს. მარტვილის კანიონი ენით აუწერელი სილამაზეა", - ასე ახასითებს ფოტოგრაფი მარტვილის კანიონს.

წყალქვეშა მოგზაურობისთვის 8 საუკეთესო ადგილს შორის ასევე მოხვდნენ ხორვატია, სლოვაკეთი, ნორვეგია, კანარის კუნძულები, შვეიცარია, ინგლისი და საფრანგეთი.