თბილისის გარკვეულ პარკებსა და სკვერებში ძაღლების გასასეირნებელი სპეციალური ადგილები მოეწყობა.
როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა, თემურ ფხალაძემ განაცხადა, ამ ეტაპზე თბილისში შვიდი სპეციალური ადგილია შერჩეული, თუმცა შერჩევის პროცესი კიდევ მიმდინარეობს. მისივე თქმით, ეს ადგილებია: „ვერის ბაღი“, „კუს ტბის“ მიმდებარე ტერიტორია, „მზიური“, საბურთალოზე „წითელ ბაღი“, „დედა ენის ბაღი“, ასევე პეტრიაშვილის ქუჩასა და ვარკეთილში არსებული ერთ-ერთი ბაღი.
„ადგილების შესარჩევად თბილისის არქიტექტურისა და სხვა სამსახურებთან ერთად ვიმუშავეთ. გავაკეთეთ პროექტის ესკიზები, თუ როგორი უნდა იყოს პარკებსა და სკვერებში ძაღლების გასასეირნებელი ადგილები. ახლა რაიონული გამგეობიდან ველოდებით შესაბამის რეაგირებას, რომ ამ პროექტის განხორციელება დაიწყოს. რაიონულმა გამგეობებმა უნდა მოახდინონ მათი განხორციელება“, - განაცხადა თემურ ფხალაძემ.
მისივე თქმით, ძაღლების გასასეირნებელ სპეციალურ ადგილებზე მოეწყობა ფეკალიების ურნები, ბარიერები, ცხოველის სავარჯიშოები, პატრონებისთვის მოსასვენებელი ფანჩატურები, სპეციალური ვოლიერები, სადაც ცხოველის განთავსება მოხდება და სხვა.
„სპეციალურ გასასეირნებელ ადგილში შესაძლებელი იქნება ძაღლების თავისუფლად გასეირნება ანუ, ყოველგვარი შეზღუდვის, ალიკაპისა და საბმელის გარეშე, რომ ცხოველის ფიზიკური აქტივობა მოხერხდეს; ცხოველისგან მოსახლეობა დაცული იყოს და ცხოველებმაც, ასე ვთქვათ, მშვიდად ისეირნონ მათთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე“, - განაცხადა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა.