ცხოველის ფეკალიით გარემოს დაბინძურებისთვის წელს ძაღლების 500-მდე მეპატრონე დაჯარიმდა

ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესის დარღვევისთვის წელს 500-მდე მოქალაქე დაჯარიმდა.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის თემურ ფხალაძის განცხადებით, თუ პატრონმა ცხოველის მიერ ფეკალიით დაბინძურებული გარემო არ დაასუფთავა, სააგენტო უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირებს და მოქალაქის დაჯარიმება ხდება.

„ვაჯარიმებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ცხოველის მოვლა-პატრონობის წესი დაარღვიეს. ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირად არის, მაგრამ ცხოველების მოვლა-პატრონობის წესის დაცვის მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერებაც ეტაპობრივად, თანდათან მატულობს. საამისოდ სააგენტომ ძალიან ბევრი ღონისძიება განახორციელა სოციალური თუ სხვა სახის რეკლამის განხორციელებით“, - განაცხადა ფხალაძემ.

მისივე თქმით, სააგენტომ წელს შინაური ცხოველების პატრონებზე 500-მდე საჯარიმო ქვითარი გამოწერა, რადგან მათ ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესი დაარღვიეს.

ფხალაძის განმარტებით, ჯარიმის ოდენობა 8 ლარიდან იწყება და განსხვავებულია, ვინაიდან დამოკიდებულია იმაზე, თუ სად მოხდა დაჯარიმება, იყო თუ არა განმეორების შემთხვევა და ასე შემდეგ.