ასი ათასობით ლარი იხარჯება იმ ზომის ნერგების შესაძენად, რომელთა გახარება პრაქტიკულად შეუძლებელია , - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ დენდროლოგიურ პარკში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, ხეები, რომლებიც მერიამ დარგო, დარგვიდან ერთ წელში უკვე გამხმარი იყო.
ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, გაცილებით მეტი ხის ნერგი იქნა შეძენილი, ვიდრე დაირგო.
“მილიონი ხის პროექტის ფარგლებში თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში სულ 640 000 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგია დარგული. მათივე ინფორმაციით, თბილისში მილიონი ხის პროექტის დაწყებიდან დარგული ნერგების 75 პროცენტი 2014-2015 წლებში დაირგო. ნერგების დიდი ნაწილი დენდროლოგიურ პარკსა და მის მიმდებარედ უნდა დარგულიყო. თუმცა, არსებული ინფორმაციით, დენდროლოგიურ პარკში დარგული ხეების უმრავლესობა დარგვიდან ერთი წლის თავზე გამხმარია. ამასთან, ინფორმაციის მიხედვით, მილიონი ხის პროექტის ფარგლებში, დენდროლოგიურ პარკში 41 400-მდე ნერგია დარგული, ხელშეკრულების მიხედვით კი, დენდროლოგიურ პარკში და მის მიმდებარედ დასარგავად მერიამ 315 720 ნერგი შეიძინა. ჩნდება კითხვა, სად დაირგო 268 349 ნერგი, 2016 წელს გამწვანების ღონისძიებებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტში 900 000 ლარი გამოიყო და 180 000 ნერგი იქნა შეძენილი. 2017 წელს გამწვანების ღონისძიებებისთვის თბილისის ბიუჯეტში 946 000 ლარია გათვალისწინებული.
2014 წელს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში 269 000 ნერგში მერიას 270 700 ლარი აქვს გადახდილი. ანუ გამოდის, რომ ერთ ნერგში საშუალოდ ერთი ლარია გადახდილი. 2017 წლის მონაცემებით, 20 000 ნერგის საყიდლად 507 000 ლარია გათვალისწინებული, ანუ ერთი ნერგის შესაძენად საშუალოდ 25 ლარი”, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.