დევნილები შეძლებენ ელექტრონულად შეამოწმონ, რა ეტაპზეა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ მათი განაცხადების განხილვა.
განკარგულება „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი დამატებითი ღონისძიების შესახებ“ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს.
„დავამტკიცეთ ახალი მოდულის შექმნა. 6 თვის განმავლობაში უნდა შეიქმნას მოდული, რომელიც შესაძლებლობას მისცემს დევნილებს, განაცხადები სახლების მიღებასთან დაკავშირებით შეავსონ საქართველოს ყველა კუთხეში, იუსიტიციის სახლებთან და საზოგადოებრივ ცენტრებთან თანამშრომლობით. დღეს 40 000-მდე განაცხადი მატერიალური ფორმით დევს სამინისტროში. დევნილს თუ უნდა გაიგოს, რა მდგომარეობაშია მისი განაცხადი, უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე ან დაწეროს წერილობითი განცხადება, მოვიდეს, ამოიღონ არქივიდან მასალები და მისცენ პასუხი. ამ ყველაფრის ნახვა შესაძლებელი იქნება ელექტრონულად. დევნილებს შეეძლებათ, რომ პროგრამის დაწყებიდან 6 თვეში თვითონ შეამოწმონ თავისი განაცხადები ელექტრონულად, ვებგვერდზე“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.