კალაძე - აქტიურად ვმუშაობთ, რომ მომავალი წლების განმავლობაში მშენებლობების დროს ენერგოეფექტური მასალების გამოყენება სავალდებულო იყოს

როდესაც ახალი საცხოვრებელი კორპუსები აშენდება, 5 საცხოვრებელ ბინაზე ავტოფარეხებში შეიძლება იყოს ერთი ელექტრომობილის დამტენი. 

ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ 5-წლიანი საქმიანობის ანგარიშის - ენერგეტიკული (რ)ევოლუციის პრეზენტაციაზე განაცხადა.

კალაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, ენერგოეფექტურობა სამშენებლო მიმართულებით.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ გიორგი გახარიასთან, რომ სავალდებულო იყოს მომავალი წლების განმავლობაში მშენებლობების დროს ენერგოეფექტური მასალების გამოყენება და ასევე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - როდესაც ახალი საცხოვრებელი კორპუსები შენდება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ ჩვენ ამას შევძლებთ და დიდი ალბათობით, გამოგვივა, რომ 5 საცხოვრებელ ბინაზე მოდიოდეს ერთი ელექტრომობილის დამტენი ავტოფარეხებში. ეს არის ჩვენი მომავალი. ჩვენ ყველაფერი უნდა აგვაკეთოთ, რომ ამ მიმართულებით ადამიანებს მივცეთ საშუალება, ისარგებლონ“, - განაცხადა კალაძემ.