„სითი პარკს“ სასამართლო დავა კიდევ ერთმა მოქალაქემ მოუგო.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ თამარ სვანიძემ განუცხადა, სასამართლო სხდომა დღეს გაიმართა, რომელზეც მისი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
„სითი პარკმა“ ორ ჯარიმაზე - თითოზე 150 ლარიანი საურავი დამაკისრა. ეს უსამართლოდ დაკისრებული საურავები პირველ ეტაპზე მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში გავასაჩივრე, თუმცა იქ სარჩელი არ დამიკმაყოფილეს. ამის შემდეგ მიმდინარე წლის აპრილში თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე. სასამართლოს გადაწყვეტილებით, თითო ჯარიმაზე 130 ლარის ოდენობის საურავი გაუქმდა და მხოლოდ 20 ლარის გადახდა დამეკისრა,“ - აღნიშნა სვანიძემ.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ მერიის საქალაქო სამსახურმა საჩივარი არ დააკმაყოფილა, სასამართლოსთვის მიმართვა უფასოა და მოქალაქეს თანხის გადახდა არ უწევს.
ბოლო 4 თვეში ეს უკვე მოქალაქეების მიერ „სითი პარკის“ წინააღმდეგ სასამართლოში მოგებული მესამე საქმეა. მარტში კომპანიას დავა გიგი ტუღუშმა და კონსტანტინე ჩიქოვანმა მოუგეს. ჩიქოვანის შემთხვევაში დაახლოებით, 7 ათას ლარზე იყო საუბარი, ხოლო ტუღუშის შემთხვევაში თანხა 11 ათას ლარს აღემატებოდა.
კომპანია „სითი პარკი“ თითქმის ათი წელია თბილისში პარკირების დარეგულირებაზე ექსკლუზიურ უფლებას ფლობს.