გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის მიდგომები მკაცრდება და ახლებურად დარეგულირდება.
ამას “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, “სისხლის სამართლის კოდექსში“ და “ნარჩენების მართვის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც დღეს, პირველი მოსმენით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა.
საკანონმდებლო პაკეტი სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ წარმადგინა. მისი თქმით, წარმოდგენილი პროექტები ახლებურად ადგენს სანქციების ოდენობებს, იზრდება და უფრო მოქნილი ხდება გარემოს დაცვის სისტემაში შემავალი დაწესებულებების ფუნქციები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის გამოწერის, სახდელის დადებისა და ადგილზე ჯარიმის გამოწერის თვალსაზრისით.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს და სატყეო დეპარტამენტს უფლება ექნება ადგილზე გამოწერონ საჯარიმო ქვითარი შედარებით მცირე მნიშვნელობის სამართალდარღვევებზე, საუბარია ისეთ სამართალდარღვევებზე, რომელიც ვიზუალური დათვალიერების შედეგად ადვილად ინდენტიფიცირებადია.
წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით შეთავაზებულია შემდეგი სახის ცვლილებები: - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ან თუ დამრღვევის მიმართ ადრე ჩადენილი ქმედებისათვის გამოყენებული იყო სიტყვიერი შენიშვნა, სიტყვიერი შენიშვნის გამოყენება აღარ იქნება შესაძლებელი;
ფართოვდება ადმინისტრაციული სახდელის - იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევის ფარგლები. იარაღის სახეობათა ჩამონათვალს ემატება სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა, რომლის მიზანს უკანონო ნადირობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება წარმოადგენს.
6 თვემდე იზრდება გარემოს დაცვის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას პასუხისმგებლობის დაკისრების ხანდაზმულობის ვადა.
გარემოს დაცვის სფეროში სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებული შედარებით განსაზღვრული ჯარიმები იცვლება აბსოლუტურად განსაზღვრული ჯარიმებით. განისაზღვრება სამართალდარღვევის შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი;
ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობისთვის ჯარიმის დაკისრების გარდა გათვალისწინებულია უკანონოდ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაცია.