გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, პოლიტიკაში დაბრუნებას გამორიცხავს.
როგორც თორდიამ განაცხადა, გარკვეული პერიოდი აიღებს ტაიმ-აუტს, რა პერიოდშიც მიიღებს გადაწყვეტილებას, კერძო სექტორში გააგრძელოს საქმიანობა, თუ საერთაშორისო ორგანიზაციაში.
”პოლიტიკაში მოსვლას გამოვრიცხავ. არანაირი საუბარი, კონსულტაციები არავისთან არ მაქვს. ძალიან ცუდი ნიშანი იქნება, რომ გენერალური აუდიტორი თავისი ვადის გასვლის შემდეგ წავიდეს პოლიტიკაში. მომავალი 1, 2 ან 3 წლის მანძილზე გამოვრიცხავ რაიმე ტიპის პოლიტიკური აქტივობები გამოვიჩინო. ცოტა ხანი ავიღებ, ალბათ, ტაიმ-აუტს, გავაანალიზებ, თუ სად შეიძლება გავაგრძელო საქმიანობა - ეს იქნება კერძო სექტორი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია. პოლიტიკაში მოსვლას ან რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან აფელირებას ამ ეტაპზე გამოვრიცხავ ”, - განაცხადა თორდიამ.
რაც შეეხება მთავარ გამოწვევას, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის არსებობს, თორდიას შეფასებით, ეს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაა.
”მთავარი გამოწვევა აუდიტის სამსახურისთვის არის მისი დამოუკიდებლობა. ჩვენ შევძელით ამ 5 წლის მანძილზე მოგვეპოვებინა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფუძემდებლური პრინციპი ამ სამსახურის საქმიანობის. დღეს ყველა აუდიტორი და მათი საქმიანობა გარანტირებულია, რომ ისინი მათი პროფესიული ნიშნით წარმართავენ ყველა იმ პროცესს, რომელიც უკავშირდება აუდიტს. დამოუკიდებლობა, საჯაროობა, ობიექტურობა არის ამ სამსახურის ძირითადი ნიშანთვისება, რათა ამ სამსახურმა შეძლოს მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელება. დამოუკიდებლობის შენარჩუნება არის მთავარი პრინციპი ამ სამსახურის. იმ გამოცდილებიდან რაც არსებობს, აუდიტის სამსახურის საქმიანობა უფრო ეფექტური გახდა. ჩვენ გავზარდეთ ბიუჯეტის დაფარვის ანუ შემოწმების მაჩვენებელი. 80% ბიუჯეტის ექვემდებარება აუდიტის სამსახურის მონიტორინგს. ჩვენ ვაქვეყნებთ ყველა დასკვნას, აღიარება მოვიპოვეთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ამერიკელებთან, გერმანელებთან, შვედებთან და მათთან ურთიერთობა ხელს გვიწყობს შევქმნათ ნამდვილი ევროპული ტიპის სამსახური. ეს სამსახური ამ სტანდარტების მატარებელი არის და ეს უნდა შენარჩუნდეს”, - განაცხადა ლაშა თორდიამ.
გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას აღნიშნული თანამდებობა 2012 წლის 25 ივლისიდან უკავია. თორდიას აღნიშნულ თანამდებობაზე უფლებამოსილება მიმდინარე თვის ბოლოს ეწურება.