ექსპორტიორებს პრობლემები ყველაზე ხშირად საბაჟოზე ექმნებათ

სახელმწიფომ ექსპორტიორთა ინტერესებზე ზრუნვა დაიწყო. ამ მიზნით, ეკონომიკის სამინისტროში ექსპორტიორთა ინტერესების დაცვის ცენტრი შეიქმნა.

ექსპორტიორების უმეტესობა რაიმე სახის ბარიერების არსებობას უარყოფს, მაგრამ უკვე მთავრობამაც აღიარა, რომ ესეთი ბარიერები არსებობს და მათი აღმოფხვრა აუცილებელია. მით უმეტეს, იმ თვალსაზრისით, რომ ბოლო ხანებში ქართული პროდუქციის ექსპორტი თანდათან იზრდება: საქსტატის ინფორმაციით, 2014 წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტის მაჩვენებელი 23%-ით მეტია 2013 წლის პირველ ორ თვესთან შედარებით. რაც შეეხება იმპორტს, ის ერთ წელიწადში 15%-ით გაიზარდა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსიც რამდენიმე პროცენტით, მაგრამ მაინც შემცირდა.

ეკონომიკის სამინისტროს საინვესტიციო და საექსპორტო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი ციკოლია ამბობს, რომ ექსპორტიორთა ინტერესების დაცვის ცენტრის შექმნიდან ორი კვირის ვადაში, მათთან უკვე ათეულობით საჩივარი შევიდა.

”ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ვმუშაობთ, რომ მათ ამ ტიპის დაბრკოლებები აღარ შეხვდეთ,” - განუცხადა მან bpn-ს.

"ბიუროკრატიამ, რომელიც თითქმის ყველგან მოქმედებს, ჩვენს ექსპორტიორებს შეიძლება დამატებითი დაბრკოლებები შეუქმნას, რაც თავისთავად დაკავშირებულია ზედმეტ ხარჯებთან. ზედმეტი ხარჯები კი საბოლოოდ პროდუქციის გაძვირებას იწვევს. ამ შემთხვევაში, ჩვენი ამოცანაა ქართველ ექსპორტიორებს რაც შეიძლება ნაკლები დაბრკოლება შეხვდეთ, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მათი ინტერესები მაქსიმალურად დავიცვათ. ამიტომაც შეიქმნა ექსპორტიორთა ინტერესების დაცვის ცენტრი" - ამბობს გიორგი ციკოლია.

მისი თქმით, ექსპორტიორებს ყველაზე ხშირად დაბრკოლებები საბაჟოზე ექმნებათ: ან პროდუქციის განბაჟებას უგვიანებენ, ან დამატებით დოკუმენტაციას სთხოვენ, რომელიც წესით, არ უნდა მოსთხოვონ.

"დიდი სურვილი გვაქვს, რომ ყველა ინფორმაცია ჩვენამდე მოვიდეს," - აღნიშნა გიორგი ციკოლიამ.

"საამისოდ პირადი კონტაქტები სულაც არ არის საჭირო. ჩვენი სამინისტროს პირველ სართულზე არის სერვის-ცენტრი, ნებისმიერ მეწარმეს შეუძლია ინფორმაცია მოგვაწოდოს ელექტრონული ფორმით, ან თვითონ მოვიდეს, შეუძლიათ დაგვირეკონ შემდეგ ნომრებზე: 2-99-10-02 და 2-99-11-28. ჩვენ შევეცდებით გავეცნოთ მათ პრობლემებს და მაქსიმალურად დავეხმაროთ," - დასძენს ეკონომიკის სამინისტროს საინვესტიციო და საექსპორტო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის რეზიდენტი, რამაზ გერლიანი ამბობს, რომ ექსპორტისათვის ძირითადი პრობლემას სტანდარტიზაცია წარმოადგენს, ასევე - პროდუქციის უსაფრთხოებისა და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები.

"მართალია, ჩვენს ექსპორტიორებს აქვთ პრობლემები, მაგრამ ეს პრობლემები ოფიციალურ დოკუმენტებში ხშირად არც კი ფიქსირდება. ქართული ექსპორტისათვის შექმნილი დაბრკოლებები ხშირად არასატარიფო, ირიბი ბარიერებით არის გამოწვეული და ჩვენც სწორედ ამ ბარიერების დაძლევაზე უნდა ვიზრუნოთ," - ამბობს გერლიანი.

ის ექსპორტისათვის შექმნილი პრობლემების ერთ-ერთ სათავედ იმასაც მიიჩნევს, რომ საქართველოში არ არსებობს პროდუქციის ხარისხის კონტროლი, არ არის შესაბამისი მოთხოვნები, რის გამოც ადგილობრივი წარმოების პროდუქტი ექსპორტის სტანდარტებს ხშირად არ შეესაბამება.

"როცა ჩვენი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრდება, ეს უკვე ნიშნავს, რომ უცხოურ ბაზარზეც შეძლებს ადგილის დამკვიდრებას. ჯერჯერობით კი, ქართული წარმოების პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეც არ არის კონკურენტუნარიანი. ირიბ ბარიერებს დიდი წარმატებით იყენებს მეზობელი თურქეთი, რუსეთიც საკმაოდ მკაცრად იცავს თავის ბაზარს, ევროპაშიც ძირითადად არასატარიფო ბარიერები მოქმედებს: იქ ვერ შეიტან პროდუქტს, რომელიც ევროპულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ არის აუცილებელი ხარისხის ამაღლება და სტანდარტიზაციის ნორმების დაცვა. ჩვენი ძირითადი ორიენტირი სწორედ ხარისხი უნდა იყოს," - ამბობს გერლიანი.

საქართველო კვლავ იმპორტზე მნიშნველოვანწილად დამოკიდებული ქვეყანაა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ადგილობრივმა მეწარმეებმა განვითარების იმ ეტაპს უნდა მიაღწიონ, როცა მათი ნაწარმი კონკურენტუნარიანი გახდება და იმპორტირებულს ჩაანაცვლებს. შედეგად, ქართული პროდუქტის ხარისხი და სტანდარტთან შესაბამისობაც გაიზრდება და ექსპორტირებისას პრობლემების (თუნდაც ხელოვნური პრობლემების) წარმოქმნის ფაქტები შემცირდება.

ხათუნა ჩიგოგიძე