თავშეყრის ობიექტების მფლობელებს შესაძლოა მესამე პირების დაზღვევის უზრუნველყოფა დაეკისროთ

მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელებს, მესამე პირების სასარგებლოდ, დაზღვევის ვალდებულება წარმოექმნებათ.

მესამე პირების დაზღვევის უზრუნველყოფა მათ ”სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით ეკისრებათ, რომელიც პარლამენტში მთავრობის მიერ არის ინიცირებული და მეორე მოსმენით განხილვის ეტაპზეა. პროექტის ავტორია დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.

კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, მთავრობა მიმდინარე წლის ბოლომდე მასობრივი თავშეყრის ობიექტების ნუსხას განსაზღვრავს, ხოლო მათ მფლობელებს დაეკისრებათ დაზღვევის ვალდებულება, მესამე პირებისათვის წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მიზნით. საუბარია სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონებისათვის მიყენებულ ზიანზე.

ასევე, მთავრობა განსაზღვრავს დაზღვევის წესსა და პირობებს.

”ინიციატივის მიზანია საქართველოში ბუნებრივი და ტექნოგენური მიზეზებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების შედეგად მიყენებული ზიანისაგან მოსახლეობის დაცვა. მსოფლიოში ფინანსური რისკების მართვის ერთ-ერთ ეფექტურ ინსტრუმენტს დაზღვევა წარმოადგენს, ხოლო სადაზღვევო სფეროს რეფორმის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ქვეყანაში სოციალური გარანტიების ალტერნატიული და ქმედითი მექანიზმების ჩამოყალიბება. შესაბამისად, სავალდებულო დაზღვევის სახეობა წარმოადგენს საზოგადოებისთვის ალტერნატიული გარანტიებისა და სოციალური უზრუნველყოფის მოქნილ სისტემას”, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.