სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი „უსაფრთხო სათამაშოს“ კამპანიის ფარგლებში საცალო ქსელების წარმომადგენლებს შეხვდა და კამპანიის მიზნები გააცნო. ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატიდან იუწყებიან.
სახალხო დამცველის განცხადებით, ბაზრის ზედამხედველობის ორგანო კანონით არ არის განსაზღვრული და სათამაშოების უსაფრთხოების საკითხი სახელმწიფო კონტროლს მიღმა რჩება – მაშინ, როდესაც მავნე სათამაშოები საფრთხეს უქმნის ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. არ არსებობს ხარისხს მაკონტროლებელი რეგულაცია, არც მონიტორინგის სისტემა და შესაბამისად, არც კონკრეტული სანქციები.
სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა სათამაშოების ხარისხის რეგულაციების შემუშავების კუთხით საქართველოს მთავრობის მზაობას, თუმცა აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ბაზის შექმნა 2019 წლისთვის იგეგმება და მნიშვნელოვანია, ამ პერიოდამდე დაიგეგმოს და განხორციელდეს კონკრეტული ქმედებები, რათა წარმოებასა და იმპორტში ჩართული მხარეები მზად იყვნენ ცვლილებისთვის.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, უსაფრთხო სათამაშოების კამპანიის ფარგლებში უკვე რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. 2017 წლის 22 და 23 ივნისს სახალხო დამცველის მოადგილეები ნათია კაციტაძე და ეკატერინე სხილაძე თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ქიმიკოსებს, ფსიქოლოგებს, სოციალური დაცვის სამსახურის მუშაკებს და მცირე საოჯახო ტიპის სახლების ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და ბავშვის პიროვნული განვითარების პროცესში სათამაშოების უსაფრთხოების მნიშვნელობაზე, ქიმიური ანალიზის შესაძლებლობებსა და უსაფრთხო სათამაშოს მიგნების სირთულეებზე ისაუბრეს.
6 ივლისს სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ ბაღების გაერთიანების სააგენტოს წარმომადგენლებთან, საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორებთან, პედიატრებთან და ალერგოლოგებთან სათამაშოების უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, ლაბორატორიული კვლევებისა და პროდუქციაზე ნივთიერებების შემცველი ანოტაციის დართვის აუცილებლობა განიხილა. შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ ასოციაცია „უსაფრთხო სათამაშოს“ წევრები, რომელიც სახალხო დამცველის კამპანიასთან თანამშრომლობის მიზნით დაფუძნდა.
”სათამაშოების უსაფრთხოების მარეგულირებელი წესებისა და არსებული პრაქტიკის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა 2016 წლიდან დაიწყო. საინფორმაციო კამპანია – „უსაფრთხო სათამაშოს“ ფარგლებში დაგეგმილია ღონისძიებები სათამაშოების წარმოებისა და მიწოდების ბაზრის ზედამხედველობის მექანიზმის შექმნის ადვოკატირების, საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზრის მოწესრიგების, ბიზნესსექტორის პასუხისმგებლობის განსაზღვრისა და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით”, - განმარტავენ ომბუდსმენის აპარატში.
მათივე შეფასებით, აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, საქართველოში შეძენილი ათი სათამაშოდან ცხრაში მავნე ნივთიერება დი-2-ეთილჰექსილფტალატი (DEHP) აღმოჩნდა, რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა და მისი სათამაშოებში გამოყენება ევროკავშირის რეგულაციებით აკრძალულია.