მომხმარებელი.ჯი - „კარფურში“ ზოგიერთ ტკბილეულს სიძველის გემო და ნავთობპროდუქტების არომატი აღმოაჩნდა

ლაბორატორიაში ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კარფურში, ნაყიდ „სანდომი ვაფლსა“ და „GEO BACKERS“-ის ნამცხვარს სიძველის გემო და სავარაუდოდ, ნავთობპროდუქტების არომატი აღენიშნება.

ამის შესახებ ინფორმაციას სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (momxmarebeli.ge) ავრცელებს.

საუბარია, „თბილისი მოლში“ მდებარე „კარფურის“ ფილიალში შეძენილ პროდუქციაზე.

momxmarebeli.ge-ს ცნობით, მომხმარებელმა 24 ივნისს „ფეისბუქის“ გვერდზე ცენტრს დაფარული საჩივარი გაუგზავნა და „თბილისი მოლში“ მდებარე მაღაზია „კარფურში“ გასაყიდი ნამცხვრების შემოწმება სთხოვა.

„საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2017 წლის 27 ივნისს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მაღაზიაში შევიძინეთ ორი პროდუქტი „სანდომი ვაფლი“ და „GEO BACKERS“-ის ნამცხვარი. ორივე პროდუქტი მივიტანეთ ლაბორატორიაში ორგანოლეპტიკური ანალიზისათვის. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით, ორივე პროდუქტს, ნამცხვარსაც და ვაფლსაც სიძველის გემო და სავარაუდოდ, ნავთობპროდუქტების არომატი აღენიშნება. სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მაღაზიაში წერილი უკვე გაიგზავნა“, - ნათქვამია ცენტრის ინფორმაციაში.