კვარიათში, სასტუმრო კომპლექსის „თვინ თაუერსის“ მშენებლობა დღეს დაიწყო.
მშენებლობას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მოღვაწე კომპანია "გრინ ვალეი დეველოპმენტი” ახორციელებს.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პროექტი მოიცავს სასტუმრო კომპლექსს, რომლის საერთო მოცულობა 74 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს და ორ ოცდარვა და ერთ ოცსართულიან ნაგებობას ითვალისწინებს. კომპლექსში განთავსდება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი რეგიონში, სპორტულ გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ზონა, ზღვისპირა რესტორნები და კაფე-ბარები, შიდა და გარე ავტოსადგომი. პროექტის საერთო ინვესტიცია 30 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. კომპლექსის მშენებლობა 2021 წლის ზაფხულში დასრულდება.
მშენებლობის პროცესში 450, ხოლო დასრულების შემდეგ 150 ადამიანი დასაქმდება. აღსანიშნავია, რომ კომპანია ინვესტიციის განხორციელებას პარალელურად თბილისშიც გეგმავს.
კომპანია „გრინ ვალი“ 2004 წელს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დაარსდა. ძირითადი მიმართულებას წარმოადგენს უძრავი ქონების დეველოპმენტი, რომელსაც იგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს. საქართველოს მიმართულება კომპანიისთვის ახალია. საქართველოში დეველოპერული პროექტის განხორციელების მიზნით კომპანიამ ბათუმში, კერძოდ, გონიოს დასახლებაში კერძო საკუთრებაში არსებული 14 381 კვ. მეტრი არასასაფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთები შეიძინა.
ამ ეტაპისთვის კომპანიის მიერ მსოფლიოს 8 ქვეყანაში (საქართველო, ლიბანი, თურქეთი, ტაილანდის სამეფო, მაროკოს სამეფო, ეგვიპტე, ბოსნია) განხორციელებულია ან/და ხორციელდება სხვადასხვა ძვირადღირებული დეველოპერული პროექტი.