გელათის სამონასტრო კომპლექსი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძირითად ნუსხას დაუბრუნდა.
როგორც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იუწყება, გელათის სამონასტრო კომპლექსზე მიმდინარე საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო პროცესები სრულ თანხვედრაშია მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის სახელმძღვანელო პრინციპებთან.
”2017 წლის 10 ივლისს, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა გამოიტანა უპრეცედენტო გადაწყვეტილება და გელათის მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დამოუკიდებელი სტატუსით დააბრუნა.
კომიტეტმა, მხედველობაში მიიღო სახელმწიფო მხარის მიერ გაწეული უდიდესი ძალისხმევა და ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულება. საქართველომ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და ICOMOS-თან აქტიური თანამშრომლობით, წამყვანი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მოამზადა მოთხოვნილი დოკუმენტაცია. აღსანიშნავია, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსზე მიმდინარე საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო პროცესები სრულ თანხვედრაშია მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის სახელმძღვანელო პრინციპებთან“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.